აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანის კუნძულ ხარგის ოკუპაციის ან მისი საზღვაო ბლოკადის გეგმა შეიმუშავა - „აქსიოსი“

ხარგი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანის კუნძულ ხარგის ოკუპაციის ან მისი საზღვაო ბლოკადის გეგმა შეიმუშავა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„აქსიოსი“ იუწყება, რომ კუნძულ ხარგის პოტენციური დაკავება განიხილება, როგორც მეთოდი, რომლითაც ირანს უნდა აიძულონ, ჰორმუზის სრუტე გახსნას.

გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც „აქსიოსი“  წერს, ამ ოპერაციის დაწყებამდე, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაასუსტონ ირანის სამხედრო პოტენციალი ჰორმუზის სრუტეს რაიონში.

„ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით ერთი თვე, რომ კიდევ უფრო დავასუსტოთ ირანელები დარტყმებით, დავიკავოთ კუნძული, შემდეგ კი ეს მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოვიყენოთ“, – განაცხადა „აქსიოსთან“ საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ეს ოპერაცია მოითხოვს რეგიონში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდას. მედიის ცნობით, პენტაგონმა უკვე დააჩქარა ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი საზღვაო ქვეითისა და მეზღვაურის გადაყვანა, რაც ირანთან ომის ახალი ეტაპისთვის მომზადების ფარგლებში ხდება.