აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

„ამ დილით ტელეფონით ვესაუბრე ომანის ელჩს და მან დამარწმუნა, რომ სრუტეზე ბაჟის დაწესების არანაირი გეგმა არ არსებობს“, - განუცხადა ბესენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

„როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ქვეყნებს 200-წლიანი კეთილი ურთიერთობა აკავშირებთ. მას სურს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ მომდევნო 200 წელსაც გაგრძელდეს. მე მას ვუთხარი, რომ ეს [ბაჟის დაწესება] განხილვის საგანიც კი ვერ გახდებოდა, მას კი არ სურდა რისკის ქვეშ დაეყენებინა ომანის მოქალაქეები ან ფინანსური ინსტიტუტები და მათთვის სანქციები დაეკისრებინათ“, - განაცხადა ბესენტმა.

უფრო ადრე, ხუთშაბათს, ბესენტი ომანს ხაზინის მხრიდან ზომების გატარებით დაემუქრა, თუკი ის მხარს დაუჭერდა ირანს სრუტეზე გადასახადის დაწესებაში. ხოლო ოთხშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ომანი, არ ჩარეულიყო ნავთობის გადაზიდვისთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მარშრუტში და განაცხადა: „ომანი მოიქცევა ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათი აფეთქება მოგვიწევს“.

ტრამპის ამ კომენტართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ბესენტმა ხუთშაბათს უპასუხა, რომ „პრეზიდენტს სურდა მკაფიოდ გაესვა ხაზი სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებისთვის“.