აშშ-ის გენერალური პროკურორის განკარგულების მიხედვით, უნდა დაიწყოს გამოძიება თუ როგორ მოქმედებდნენ ობამას ადმინისტრაციის წევრები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დაზვერვის მონაცემების დამუშავებისას

პემ ბონდი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ მოქმედებდნენ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დაზვერვის მონაცემების დამუშავებისას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა გრიფით საიდუმლო მოხსნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებულ რიგ დოკუმენტებს და განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის წევრების მხრიდან გამოიკვეთა „მოღალატეობრივი შეთქმულების“ ნიშნები.

გაბარდმა და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებმა უარყვეს აშშ-ის სენატის ორპარტიული ჯგუფისა და დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთი უპირატესობას ანიჭებდა ტრამპის კანდიდატურას. გაბარდი ვარაუდობს, რომ ობამას ადმინისტრაციის წევრები სადაზვერვო მონაცემებით მანიპულირებდნენ, რათა ტრამპისთვის ზიანი მიეყენებინათ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰარისონ ფილდსმა განაცხადა, რომ გაბარდის ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს ამ საკითხზე დეტალური გამოძიება, რათა ამერიკელმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, თუ როგორ მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიზანიც იყო ზიანი მიეყენებინათ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ძირი გამოეთხარათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის.

საპასუხოდ ობამას ოფისში განაცხადეს, რომ ამ ბრალდების მიზანია ამერიკელი ხალხის ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე, როდესაც ტრამპს მოუწოდებენ გაასაჯაროოს ინფორმაცია სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის შესახებ.

ცნობისთვის, 2017 წელის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება ჩატარებულიყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ხელშეწყობას. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებისა და რუსეთის შეთქმულება არ დადასტურდა.