აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია - ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო

თეთრი სახლი

რუსეთთან ევროპის ურთიერთობების მართვას აშშ-ს მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჩართულობა დასჭირდება, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ „ევროპა დარჩეს ევროპული, დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე წარუმატებელ ფოკუსირებაზე“.

„თვითდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპის ურთიერთობაში რუსეთთან. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპისა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ძლიერ შესუსტებულია და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთთან ევროპის ურთიერთობების მართვას აშშ-ს მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჩართულობა დასჭირდება, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად. შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად, რათა ის გადარჩეს როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგიის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ევროპულ სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში იქნებიან.