აშშ და ბრიტანეთი გაზრდიან დახმარებას უკრაინისთვის, თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე - კირ სტარმერი

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შედეგად, ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმირ პუტინს 30-დღიანი ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე.

„ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელსაც უკრაინა იმსახურებს“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინა დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის იდეას.

მან განაცხადა, რომ თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, დიდი ბრიტანეთი და აშშ გაზრდიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის.

„თუ პუტინი მშვიდობის გზას არ დაუბრუნდება, ჩვენ ვუპასუხებთ. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დახმარებას უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის, რათა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ“, - დასძინა მან.