არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ალიანსმა გამარჯვება მოიპოვა

სბს

 არგენტინის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ხავიერ მილეის ლიბერტარიანულ პარტიასთან დაკავშირებულმა მემარჯვენე ალიანსმა „თავისუფლება წინ მიიწევს“ (La Libertad Avanza) მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში, ბიულეტენების 97%-ის დათვლის შედეგების მიხედვით, ალიანსმა ხმების 40.7% მიიღო.

მილეის პარტიამ გაიმარჯვა დედაქალაქ ბუენოს-აირესში, ასევე კორდობასა და სანტა-ფეს პროვინციებში. ბუენოს-აირესი დიდი ხნის განმავლობაში ულტრალიბერალების მთავარი მეტოქის - ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის „სამშობლოს ძალის“ (Unión por la Patria) დასაყრდენად ითვლებოდა. შუალედური არჩევნების შედეგად ამ კოალიციამ ხმების 31.6% მიიღო.

შუალედური არჩევნები მილეისთვის პირველ სერიოზულ გამოცდად ითვლება, მას შემდეგ რაც ის თითქმის ორი წლის წინ შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და დაიწყო მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ გარდამტეხ მომენტს. დღეს იწყება დიდი არგენტინის მშენებლობა“, - განუცხადა პრეზიდენტმა თავის მომხრეებს საარჩევნო ღონისძიებაზე ბუენოს-აირესში.

მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკვე დაწყებულ მკაცრი ეკონომიის კურსს „არგენტინის ისტორიაში ყველაზე რეფორმატორულ კონგრესთან“ ერთად.

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე არგენტინის დეპუტატთა პალატის 257 ადგილიდან ნახევარი და სენატის 72 ადგილიდან ერთი მესამედი ნაწილდებოდა. მილეის პარტია აქამდე უმცირესობაში იყო ორივე პალატაში.