არ ველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკელ აგენტად გადაიქცეოდა – შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-ს განუცხადა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უნდა შეწყვიტოს „ამერიკული აგენტის“ როლის თამაში და გააერთიანოს სამხედრო ალიანსი შეერთებული შტატების მხრიდან „მტრული რიტორიკისა“ და „დაშინების“ პირობებში.

„მინდა, მკაფიოდ  ვთქვა: მარკ რუტე იმედებს მიცრუებს და ვკარგავ მის ნდობას. მე არ ველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკელ აგენტად გადაიქცეოდა. მე ველოდი, რომ მარკი იმუშავებდა ნატო-ს შიდა ერთიანობაზე“, – აღნიშნა  მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელმა ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ ლიდერები, როგორებიც არიან ემანუელ  მაკრონი და  ჯორჯია მელონი, მართლები იყვნენ, როდესაც მოითხოვდნენ პირდაპირ შეხვედრას პუტინთან.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინ იცავს ევროპულ ინტერესებს მოლაპარაკების მაგიდასთან? არც შეერთებული შტატები, არც რუსეთი“, – განმარტა ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ანტონიო კოშტა დაასახელა, როგორც შესაძლო წარმომადგენელი მოლაპარაკებების მაგიდასთან და აღნიშნა, რომ მას აქვს „ლეგიტიმაცია“ საუბრისთვის 27 ევროკავშირის ლიდერის სახელით.

შარლ მიშელს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზნის შესახებაც, რომ მისი ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლისთვის, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს სრულიად სწორია და შესაძლებელია“.