„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
მოვუწოდებ რუსეთს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას მკვლელობების, ნგრევის შესაჩერებლად და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების მუქარა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინა იბრძვის გაერო-ს ქარტიის პრინციპებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისთვის, საკუთარი ბედის არჩევის უფლებისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიის გადაწერა. ეს ომი რუსეთის მიერ გაუმართლებელი და უკანონო თავდასხმით დაიწყო“, -აღნიშნა კოშტამ.
კოშტას თქმით, „არსებობს ამ ომის მხოლოდ ერთი ძირითადი მიზეზი – რუსეთის უარი, რომ უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი“.
„მშვიდობა უკრაინაში არ არის მხოლოდ უკრაინის ინტერესი. ეს არ არის მხოლოდ ევროპის ინტერესი. ეს არის გლობალური საზოგადოების ინტერესი. ჩვენ თუ მივიღებთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, არცერთი ქვეყანა არასოდეს იქნება უსაფრთხო. მშვიდობისკენ სწრაფვა უნდა იყოს გლობალური საზოგადოების მთავარი პრიორიტეტი. ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ამ აგრესიული ომის დასასრულებლად და უკრაინის ყველანაირად მხარდასაჭერად. ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც უკრაინა უკვე დათანხმდა, პირველი ნაბიჯია. მოვუწოდებ რუსეთს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას. შეწყვიტოს მკვლელობები, ნგრევა, მეზობელი ქვეყნების მუქარა. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში გაერო-ს ქარტიის სრული დაცვით. ევროკავშირი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას. მსურს, ჩინეთმა, ასევე ამ უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, წვლილი შეიტანოს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში. აგრესიის დასრულების მიზნით, ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთზე სანქციების მეშვეობით. მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირი, მსურველთა კოალიციის კონტექსტში, მზადაა, წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებით. უკრაინელი ხალხის მისწრაფებების შესასრულებლად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. მშვიდობის დროა. ახლა დროა, რუსეთმა შეაჩეროს ეს აგრესია“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.