ანდრეი სიბიგა: უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას

ანდრეი სიბიგა

უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ასე პასუხობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგას, რომელმაც უნგრეთში შესვლის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმაზე.

„რამდენად უსირცხვილოა ასეთი განცხადების გამოქვეყნება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს სასტიკი თავდასხმის შემდეგ. პიტერ, რუსული ნავთობსადენი თუ შენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ბავშვები, რომლებიც რუსეთმა ამ დილით მოკლა, ეს მორალური დაცემაა. უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ჩვენ სარკისებრ ზომას მივიღებთ“, – დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა. უნგრელი დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის.