ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო

დონალდ ტრამპი

 ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად დაიწყო. ტრამპის მტკიცებით, ირანმა უკვე შექმნა რაკეტები, რომლებსაც ევროპასა და ამერიკულ ბაზებზე დარტყმის შესაძლებლობა აქვთ, უახლოეს მომავალში კი შტატების ტერიტორიაზე დარტყმასაც შეძლებენ.

თეთრი სახლის ლიდერმა ირანთან ომში შტატების ოთხი ძირითადი მიზანი დაასახელა: ირანის სარაკეტო პოტენციალის სრული განადგურება, სამხედრო-საზღვაო ფლოტის განადგურება, ბირთვული იარაღის ფლობის ყოველგვარი შესაძლებლობის აღკვეთა, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი "ტერორისტული დაჯგუფებების" შეიარაღებისა და დაფინანსების შეწყვეტა.

თავის გამოსვლაში ტრამპს ომის მიზნებს შორის ირანის მმართველი რეჟიმის შეცვლა არ უხსენებია.

სხვადასხვა ამერიკულ გამოცემასთან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ირანზე სერიოზული დარტყმები ჯერ არ მიუყენებია და თავდასხმების დიდი ტალღა დააანონსა. მან ასევე არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში სახმელეთო ოპერაციისთვის ირანში ამერიკული ჯარების გაგზავნა.