ახლო აღმოსავლეთში ომი თუ გახანგრძლივდა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება შეამციროს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინისთვის მთავარ რისკებს წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების პოტენციური შემცირება და საწვავის ფასების ზრდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-დან მოდის სიგნალები, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და ამ მხრივ, ისინი დაეყრდნობიან დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს საკუთარი თავისთვის და მათი მოკავშირეებისთვის.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ომი გახანგრძლივდა, ამერიკამ შესაძლოა შეამციროს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ კრიზისზეც. მისი თქმით, ევროპა და მსოფლიო განიცდის ენერგეტიკულ კრიზისს ნავთობის ფასის ზრდის გამო.

„ასევე ნათელია, რომ საომარი მოქმედებების გამო ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირებულია ან სრულად შეჩერებული. ეს უკვე მოქმედებს გლობალურ ენერგოფასებზე. ეს გამოწვევაა და მჯერა, რომ ყველა ქვეყანა იმუშავებს ამის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ზელენსკიმ.