საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1773783208
თურქეთში 27 წლის მოდელისა და ტელევიზიის ვარსკვლავის, აიშეგიულ ერასლანი ტრაგიკული გარდაცვალება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოდის რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი, სტამბოლიში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის გარემოებებს ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
ერასლანი ფართო აუდიტორიამ მოდის პოპულარული სატელევიზიო პროექტის – İşte Benim Stilim – მეშვეობით გაიცნო. სწორედ ამ შოუში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა მან პოპულარობა და სოციალურ ქსელებშიც სწრაფად გახდა ცნობილი.
თურქული მედიის ინფორმაციით, გოგონას ახლობლებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. ერასლანი არ პასუხობდა არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს. ნათესავებმა და მეგობრებმა გადაწყვიტეს მის სახლში მისვლა, თუმცა კარზე დაკაკუნებისა და ზარის მიუხედავად, პასუხი არავინ გასცა. ამის შემდეგ მათ პოლიციას მიმართეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა საცხოვრებლის კარი ძალის გამოყენებით გააღეს. ბინაში მათ ახალგაზრდა ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ადგილზე გამოძახებულმა ექიმებმა მოგვიანებით მისი გარდაცვალება დაადასტურეს.
საქმემ დამატებითი კითხვები გააჩინა მას შემდეგ, რაც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მოდელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჩანაწერი გავრცელდა. ერასლანის ისტორიებში დატოვებული ტექსტი, გამომძიებლების შეფასებით, შესაძლოა გამოსამშვიდობებელი შეტყობინება ყოფილიყო.
„მგრძნობიარე ვარ თუ ცხოვრებაა ნამდვილად სასტიკი? ერთადერთი, რასაც გთხოვთ, არის ის, რომ იზრუნოთ ჩემს ძაღლებზე. ამ ცხოვრებაში არასდროს მინახავს დედობრივი ან მამობრივი სიყვარული; სისასტიკით გარშემორტყმული გავიზარდე. არის ისეთი რამ, რაც თქვენ არ იცით და რაზეც მე არ მისაუბრია. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ძალიან კარგი ადამიანი ვიყავი. არასდროს არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია“, – წერია ტექსტში.
მოდელის გარდაცვალების გარემოებები კვლავ გამოძიების პროცესშია.
გოგონას ახლო მეგობარი, სემიჰ პალანჩი, საჯაროდ გამოვიდა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს. მისი თქმით, მეგობრებმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტიც ნახეს და არ გამორიცხავენ, რომ ჩანაწერი თავად ერასლანს არ ეკუთვნოდეს.
პალანჩის განცხადებით, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მას ჰქონდა ნანახი, საუბარი იყო დაზიანებებზე, რომლებიც შესაძლოა სხვა პირის შესაძლო ზემოქმედებაზეც მიუთითებდეს. სწორედ ამ გარემოებებმა გააჩინა გარდაცვლილის მეგობრებს ეჭვი, რომ ინციდენტი შესაძლოა თვითმკვლელობა არ ყოფილიყო.
„ჩვენი მეგობარი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. საკმარისია ფემიციდები!“ – განაცხადა მან.
ერასლანის გარდაცვალებამ სოციალურ ქსელებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ახალგაზრდა მოდელი ინტერნეტში საკმაოდ პოპულარული იყო და სოციალურ პლატფორმებზე ათასობით გამომწერი ჰყავდა. ის ხშირად აზიარებდა მოგზაურობის ფოტოებს, მოდურ გადაღებებსა და ყოველდღიური ცხოვრების კადრებს.
მისი გამომწერები წერენ, რომ გარედან მოდელის ცხოვრება წარმატებული და ბედნიერი ჩანდა, თუმცა, როგორც ჩანს, კულისებში შესაძლოა რთული გამოცდილება იმალებოდა.
სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის გამოძიებას აგრძელებენ. ექსპერტებს მოუწევთ ტრაგედიის ყველა გარემოების დადგენა და პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე – რა მოხდა რეალურად იმ დღეს ახალგაზრდა მოდელის სახლში.