„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
ევროკომისია და ევროპული საბჭო აბუ დაბიში უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგან შემდგარ დელეგაციას გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებებს, რომელიც 10 და 11 ნოემბერს გაიმართება, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებიც.
„ევროკავშირი მოლაპარაკებებზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
მისივე თქმით, აუცილებელია შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენა და შენარჩუნება.
ფონ დერ ლაიენმა ასევე მხარი დაუჭირა ზელენსკის ინიციატივას, რომელიც სასურსათო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას ითვალისწინებს.
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირის დელეგაციას უხელმძღვანელებენ ევროკომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი ანა-მარია ბურა.
მანამდე ევროკავშირის ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა რუსეთის დელეგაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გასამართად, რაც სამშვიდობო პროცესის ფარგლებში აქამდე არ მომხდარა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ასეთი შეხვედრა აბუ დაბიში.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო პროცესში პროგრესი იქნება მიღწეული.
ცნობისთვის, ევროკავშირის მოლაპარაკებებში მონაწილეობის საკითხზე დისკუსია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის კოორდინაციის ნაკლებობა გააკრიტიკა. მელონიმ სპეციალური ევროპელი წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა.
ანტონიუ კოშტა დათანხმდა, რომ საკითხი დუბლინში დაგეგმილ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განიხილონ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია.
„ევრონუსის“ ცნობით, უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე სერგი კისლიცა და პარლამენტში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.
რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. მოლაპარაკებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები – სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი.
შეერთებულ შტატებს სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.