76 წლის ქალი გასაცნობი ვებგვერდის დახმარებით პირველად გათხოვდა

76 წლის ქალი გასაცნობი ვებგვერდის დახმარებით პირველად გათხოვდა

ამერიკელმა ჯანეტ ფონტანემ მთელი ცხოვრების ოცნება აიხდინა და 76 წლის ასაკში პირველად გათხოვდა. პენსიონერმა ქალმა თავისი პირადი ისტორია Business Insider-თან ინტერვიუში გააზიარა.

ფონტანემ აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა გათხოვებაზე, სიყვარულზე და საპასუხო სიყვარულის მიღებაზე, მაგრამ ბედი დიდი ხნის განმავლობაში არ ახვედრებდა მას „იმ ერთადერთს“. ცხოვრების განმავლობაში ის არაერთ კაცს ხვდებოდა, ზოგი ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ნამდვილი სიყვარულის პოვნა მაინც ვერ შეძლო.

2016 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქალი პიროვნული ზრდის კურსზე ჩაეწერა, რაც საკუთარი მიზნებისა და სურვილების გადაფასებაში დაეხმარა.

„როგორც კი საკუთარ თავზე მუშაობას შევუდექი, მთელი ძალებით ჩავერთე ჩემი მეორე ნახევრის ძიებაში, რათა მასთან ერთად გამეტარებინა ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე ათწლეული“, - დაწერა მან.

ოცნებისკენ პირველი ნაბიჯი გასაცნობი ვებგვერდზე რეგისტრაცია გახდა. მეგობრის დახმარებით მან შეავსო პროფილი, რომელშიც საკუთარ გატაცებებზე ისაუბრა: მოგზაურობაზე, თხილამურებზე სრიალზე და ეკლესიაში სიარულზე.

2021 წლის თებერვალში ჯანეტმა 81 წლის კაცი გაიცნო, სახელად კლიფი, რომელიც ცხოვრობდა ფენიქსში (ქალაქი არიზონაში), მაშინ როცა პენსიონერი ქალი სიეტლში (საპორტო ქალაქი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე) იმყოფებოდა. შეყვარებულებს შორის ასობით კილომეტრი იყო, მაგრამ ამან კონტაქტის შენარჩუნებაში ხელი არ შეუშალა.

თავიდან ისინი ტელეფონით ურთიერთობდნენ, მალე კი ერთმანეთს ღვინის ქარხანაში პაემანზე შეხვდნენ. „ის ნამდვილი ჯენტლმენი იყო. სამი საათი ვსაუბრობდით“, - იხსენებს ქალი. ეჭვების მიუხედავად, ჯანეტმა ურთიერთობებს შანსი მისცა.

რამდენიმეწლიანი დისტანციური ურთიერთობის შემდეგ, წლის კლიფმა ჯანეტს ცოლობა სთხოვა. მან ღიმილით აღიარა, რომ ერთ მუხლზე დადგომას ვერ შეძლებდა, ამიტომ შესთავაზა, რომ „ბეჭდები ერთად ეყიდათ“.

„მე მქონდა ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი: მაქმანებიანი კაბა, ქორწილის ორგანიზატორი, ფოტოგრაფი, სტუმრები - ნამდვილი ზღაპარი იყო“, - თქვა ფონტანემ თავისი ქორწილის შესახებ.

ქალი ამბობს, რომ მისი ისტორია ბევრი ადამიანისთვის იმედის მომცემი გახდა. „მჯერა, რომ სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეიძლება გვეწვიოს“, - განაცხადა მან.