დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
მას შემდეგ, რაც 1600-იან წლებში გალილეო გალილეი მზის ლაქებს ტელესკოპით დააკვირდა, ისინი მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენი ვარსკვლავის ეს მუქი რეგიონები დღეები და თვეებიც კი არსებობს, მაგრამ აქამდე ბოლომდე არ გვესმოდა, როგორ ინარჩუნებდა ამდენი ხანი სტაბილურობას. ახლა მეცნიერებმა რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს, რომლის მეშვეობითაც ამ კითხვას პასუხი გაეცა.
მზის ლაქების მიმდებარედ მაგნიტური ველი ძალიან ძლიერია. ისინი მუქი იმიტომაა, რომ გარემომცველ პლაზმაზე უფრო გრილია, მაგრამ სინათლეს მაინც გამოყოფს. მათი რაოდენობა მზის 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში იმატებს და კორონალური მასის ამოფრქვევებსაც იწვევს. ეს უკანასკნელი ზოგჯერ დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმებისა და საკომუნიკაციო სისტემების შეფერხების მიზეზი ხდება.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მზის ლაქების სტაბილურობას აირის წნევასა და მაგნიტურ ძალებს შორის ბალანსი განაპირობებს. ამის დადასტურებას ის ართულებდა, რომ ვარსკვლავის მაგნიტურ ველზე სახმელეთო დაკვირვებებს დედამიწის ატმოსფერო უშლის ხელს. ის გამოსახულებას აბუნდოვანებს, რაც მეცნიერებმა ახალი ტექნიკით თავიდან აიცილეს და მზე GREGOR-ად წოდებული გერმანული ტელესკოპით შეისწავლეს.
ისინი მაქს პლანკის ინსტიტუტის მიერ შექმნილ მეთოდს დაეყრდნნენ, რომელიც გააუმჯობესეს. ამის დახმარებით სახმელეთო ტელესკოპებით სატელიტური დონის მონაცემების მიღებაა შესაძლებელი, თანაც ბევრად ნაკლები დანახარჯით.
შედეგად მკვლევრებმა მზის პოლარიზებული სინათლე გააანალიზეს, რათა ლაქების მაგნიტური ველი უპრეცედენტო სიზუსტით გაეზომათ. აღმოჩნდა, რომ მათ მიმდებარედ მაგნიტური ველის იდეალურ სტაბილურობას მართლაც წნევის ძალა განაპირობებს, რომელიც მას ბალანსს უნარჩუნებს. ეს ხნის, როგორ ახერხებს ასეთი რეგიონები ხანგრძლივად არსებობას მზის ტურბულენტურ ზედაპირზე.
უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან პოტენციური არასტაბილურობისა და ამის თანამდევი ამოფრქვევების პროგნოზირებაში შეიძლება დაგვეხმაროს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.