12 წლამდე ასაკის ბავშვს ევთანაზია ჩაუტარდა - ნიდერლანდებში, კანონის ცვლილების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა

 ევთანაზია

ნიდერლანდებში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 12 წლამდე ასაკის ბავშვს ევთანაზია ჩაუტარდა.

ქვეყანაში კანონმდებლობა ორი წლის წინ შეიცვალა და განუკურნებელი დაავადების მქონე 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მედიკამენტური დახმარებით სიცოცხლის დასრულება დასაშვები გახდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სოფი ჰერმანსმა დაადასტურა, რომ ევთანაზია ჩაუტარდა მძიმედ დაავადებულ ბავშვს, თუმცა მისი ვინაობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

ნიდერლანდური კანონმდებლობის თანახმად, ევთანაზიის ჩატარებისთვის აუცილებელია, რომ ბავშვი განიცდიდეს აუტანელ ტანჯვას, არ არსებობდეს გამოჯანმრთელების რეალური შანსი და გადაწყვეტილების პროცესში მშობლები იყვნენ ჩართულნი. ასევე, თითოეული მსგავსი შემთხვევა დამატებით მოწმდება შესაბამისი ორგანოების მიერ.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე უკვე გადაეცა პროკურატურას, რომელმაც უნდა დაადგინოს, დაიცვეს თუ არა ექიმებმა პროცედურასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი და სამედიცინო მოთხოვნა.

ცნობისთვის, ნიდერლანდებში, კანონის ცვლილებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ფართო დისკუსია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ევთანაზიას ნიდერლანდურ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა, როდესაც ახალი რეგულაციების საფუძველზე 12 წლამდე ასაკის ბავშვს ევთანაზია ჩაუტარდა.