მადლობა თანადგომისთვის და მეგობრობისთვის - როგორი დახვედრა მოუწყო თურქეთის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილს (ფოტორეპორტაჟი)

პრემიერი თურქეთში

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის დახვედრა მოუწყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი, მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად.

თურქეთის პრეზიდენტმა, მადლობის და განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმაღლესი დონის შეხვედრა მოუწყო. ვიზიტის დასრულებისას კი პირადად გამოაცილა.