1728499899
ვინ იყვნენ "ნატვრის ხის" პერსონაჟების პროტოტიპები - გაიცანით მარიტა, ფუფალა, ციციკორე...
გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე" ის ოცნება და სურვილებია, რომელიც ჩვენი ლიტერატურის ტოტებს წვრილ-წვრილ, ფერად ქსოვილებად ჰკიდია... კითხულობ და წარმოსახვაში თავისით იძერწებიან გმირები, ისეთივე ალალები და გულგადაშლილები, როგორც ქართლის მინდვრებია.
თავისი ეკრანიზაციით თენგიზ აბულაძემ ხომ საერთოდ უკვდავყო გოგლას ეს ქმნილება. მსახიობები ისეთი სიზუსტით არიან გმირების ტყავში, სხვას რომ იმ კონკრეტულ სახეში ვერც წარმოიდგენ...
ლიტერატურულ პერსონაჟებს, ხშირ შემთხვევაში, თავიანთი პროტოტიპები ჰყავთ, რეალური ადამიანები, რომლებიც შემდეგ, მწერლების შთაგონებით, მასშტაბურად ცნობილნი ხდებიან.
გაზეთი "ივრის განთიადის“ 1997 წლის 4 ივნისის ნომერში, "ნატვრის ხის" პროტოტიპებზე, ეს ძალზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
ნ. ჯანდაგაშვილის მოგონება:
"ჩემს მამამთილს - სოლომონ პარუნაშვილს, ციციკორეს, ძალიან უყვარდა გოგლა. როცა მოვიდოდა სოფელში, აუცილებლად ჩვენთან უნდა მოსულიყო. ციციკორე კარგი მოსაუბრე, სამართლიანი კაცი იყო. მას ახალგაზრდობაში კონკაზე უმუშავია. იცოდა ოთხი ენა: ქართული, რუსული, სომხური და თათრული. დაანთებდნენ ის და გოგლა ბუხარს, მიუსხდებოდნენ და თითქმის გათენებამდე საუბრობდნენ.“
ქეთევან ფიცხელაურის მოგონება:
"ფუფალა იყო გიორგიწმინდიდან, დიღმელაშვილების ქალი. მას არავინ არ ჰყავდა. ხშირად გადმოდიოდა პატარძეულში და სოფიო ნათლიასთან (გოგლას დედა) რჩებოდა კვირიდან კვირამდე... სოფიო ნათლია კეთილი ქალი იყო, ფუფალას ისე მიიღებდა, როგორც თავის ახლობელს. კარგად აჭმევდა, ჩააცმევდა და ისე გაისტუმრებდა ხოლმე.“
ქორია
"ქორია იყო გვარად შალვაშვილი. ის მეტად ახლოს იყო სოფიო ნათლიას ოჯახთან. ქორიას დედაც ხშირად დაიარებოდა სოფიო ნათლიასთან და პურის ცხობაში ეხმარებოდა.
სოფიო ნათლიას იორზე ვენახი ჰქონდა და ქორია ეხმარებოდა მის დამუშავებაში. ისინი ძალიან გაჭირვებულნი იყვნენ და ლეონიძეები ეხმარებოდნენ.“
კატო გულიაშვილის მოგონება:
მარიტა
"მე ახალი პატარძალი ვიყავი. ხალხს ვიღაც ახალგაზრდა ქალი შეესვა ვირზე და უკან მისდევდნენ, ზედ აყრიდნენ ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდებოდათ: ქვას, ჯოხს, ტალახს. მან შეიყვარა ოჯახის ნათლია, რაც დიდი ცოდვა იყო.“
ღვინჯუა
,,ხვედიას ოთხი ვაჟი ჰყავდა. უფროსი შვილი, შაქრია, ჩემი ქმარი იყო. შაქრია არის ,,ნატვრის ხის“ პერსონაჟი ღვინჯუა. ერთხელ შაქრია და გოგლა, გოგლას მეგობართან ერთად სოფელ ნინოწმინდაში ყოფილიყვნენ სტუმრად. კარგად რომ შექეიფიანდნენ, წამოვიდნენ უკან პატარძეულში, მაგრამ შაქრია თურმე გზაში შეჩერდა.
- ვაიმე, ეს როგორ მომივიდა?! - და შემოიკრა თავში ხელი.
- რა იყო, რა მოგივიდა? - გაუკვირდა გოგლას.
- საყველაწმინდოს დალევა დამავიწყდა და სახლში როგორ წავალ უმისოდ?
იმდენი ქნა შაქრიამ, თავისი გაიტანა. მერე გოგლა იცინოდა - ამ ღვინჯუამ ეს რა გვიყო, ამხელა კაცი შემაცდინა და უკან მიმაბრუნაო.
გოგლას სიკვდილი შაქრიამ ძალიან განიცადა. ამბობდა: ,,ის მზისტოლა კაცი მოკვდა და მე რაღად მინდა სიცოცხლეო.“ მერე ისიც მალე გარდაიცვალა.“
ხვედია, ნინორე
"ნატვრის ხის" ერთ–ერთი პერსონაჟი ხვედია, ღრჯუ, ბოროტი კაცი, ეს ჩემი მამამთილია. მისი ცოლი ნინო (,,ნატვრის ხეში" ნინორე) აწოვებდა ძუძუს გოგლას, რაზედაც ხვედია ძალიან ბრაზობდა. ერთხელაც ძუძუს მოწოვების დრო რომ დადგა, მამამთილი შინ ყოფილა და ცოლი არ გაუშვია ლეონიძეებთან. პატარა გოგლას კი მოშივდა და აუტირდათ. მაშინ ბავშვი სახლში მიუყვანიათ გულიაანთა. ბავშვის მომყვანს რომ დაუნახავს ჩემი მამამთილი, შეშინებია, ბავშვი გაშვებია და ძეძვის ღობეში ჩავარდნია."
ასევე დაგაინტერესებთ: "მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო..." - რეალური ქალი, რომელმაც სოფიკოს ფუფალა "შეაქმნევინა"