სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი

მსახიობები დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, ქეთევან შარიქაძე და შოთა გაბელაია

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი ქეთევან შარიქაძე. 

ჭიათურის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალრის, უბრალოდ ძალიან კარგი და ყველასათვის საყვარელი ადამიანის,  თეატრის მსახიობის ქალბატონ ქეთევან შარიქაძის გარდაცვალების გამო.

ბევრმა არ იცის, რომ ქართული მხატვრული ფილმის „ყვარყვარე,“ ერთ-ერთ გმირის, კაკუტას მეუღლე ლირსას, ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთევან შარიქაძე ასრულებდა, რომელიც დღემდე, ჭიათურის თეატრის მოქმედი მსახიობი იყო.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც „პრაიმტაიმმა“, ქ-ნ ქეთევანთან რამდენიმე ხნის წინ ჩაწერა:

დავიბადე თბილისში 1942 წლის 7 ნოემბერს. დავამთავრე თბილისის 68- ე საშუალო სკოლა (ათონელის ქუჩა). სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველ წელს, თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოვხვდი და ამიტომ ქ. თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტ. საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩავაბარე.

ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა, ბევრი მათგანი, წამყვანი მსახიობი გახდა, ჩვენი პედაგოგი ლევან შატბერაშვილი გახლდათ. თეატრალურის დამთავრების შემდეგ, ახალციხის თეატრში გამანაწილეს, რომელიც 1967 წელს უნდა გახსნილიყო.

ამ პერიოდში, შემთხვევით შევხვდი ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ოთარ ალექსიშვილს, რომელმაც თეატრში მუშაობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ჭიათურაში ყოფნა უფრო მისაღები იყო. მას მერე, ჭიათურის თეატრის მსახიობი ვარ.

ფილმი „ყვარყვარე“, დიდი ხანია არავის მოუკითხავს, ჩემთან ინტერვიუც პირველი შემთხვევაა. ფილმის გმირების სახელები, ბევრმა არ იცის, განსაკუთრებით ჩემი. ეს იყო, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები.

ბევრმა არ იცის თქვენი გმირის სახელი ფილმიდან „ყვარყვარე“…

ძველი თაობის წარმომადგენლებს, ყველას ახსოვს – ლირსა, მაგრამ ახალგაზრდებს ნაკლებად. ჭიათურაშიც კი არ იციან, რომ ჩემ გმირს – ლირსა ჰქვია.

როგორ მოხვდით ფილმში?

მხატვრული ფილმის „ყვარყვარე,“ გადაღებები ჭიათურაში მიმდინარეობდა. რეჟისორი დევი აბაშიძე, ჭიათურის თეატრის სპექტაკლს „კომბლეს“ ესწრებოდა, სადაც მეც ვთამაშობდი. სწორედ, ამ სპექტაკლში აღმომაჩინა რეჟისორმა. მაშინ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.

მამაკაცის როლი მქონდა, კომბლეს ძმისშვილი -კუწო. პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, ჩემმა პედაგოგმა ბიჭიკო ანდრონიკაშვილმა დამიბარა, რომელმაც თურმე დევისთან რეკომენდაცია გამიწია. რეჟისორმა ფილმში გადაღება შემომთავაზა. მეორე დღესვე დამიბარეს და სცენარი გადმომცეს. ყოველგვარი სინჯების გარეშე დამამტკიცეს როლზე. ჩემი სცენა, ჭიათურის სოფელ ქვაციხეში გადაიღეს, სადაც დეკორაციები იყო აშენებული. ციხის კადრები კი, თბილისის პავილიონშია.

პირველი შეხვედრა კაკუტა და ქუჩარასთან…

როცა გადაღებებზე დამიბარეს, პირველი ჩემი შეხვედრა ეროსი მანჯგალაძესთან იყო. დოდო აბაშიძემ მიმიყვანა ეროსთან და უთხრა, „გაიცანი შენი მეუღლეო“ (იცინის). საოცარი, უსაყვარლესი ადამიანი იყო. ორივეს ძაღლები გვყავდა – ეროსის ძაღლი ტანგო და ჩემი ლინდა.

ძირითადად, ძაღლებმა დაგვაახლოვა, მეტი სალაპარაკო თემა არ გვქონდა. ფილმში, კაკუტას (ეროსი მანჯგალაძე) მეუღლე ვიყავი. ეროსი ძალიან მორიდებული ადამიანი იყო. როცა საუბრობდა, თვალებში არ გიყურებდა. ქუჩარა (შოთა გაბილაია) საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო.

ძალიან თავმდაბალი ადამიანები იყო. ახლა რომ ვუყურებ მსახიობებს, ბევრი რამე მიკვირს. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი ადამიანი ხარ, უფრო თავმდაბალი და კეთილი ხარ.

საუკეთესო კოლექტივი იყო, ბევრი ბუმბერაზი მსახიობი თამაშობდა ამ ფილმში. ამ ქვეყანაზე არაფერი რომ აღარ გავაკეთო, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად, უდიდესი სიამოვნება და წარმატება მომიტანა.

მადლობელი ვარ ღმერთის! იღბალიც იყო ალბათ, რომ ასეთი მსახიობების გვერდით მოვხვდი. იმ პერიოდში, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კარგად ვერ ვაფასებდი. ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი წლები იყო.

რომელიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით ფილმიდან?

ფილმის გადაღება იყო დანიშნული, ბ-ნ დოდოს ხელში თეფში ეჭირა და საჭმელს მიირთმევდა. ვუთხარი, დავიწყოთ გადაღება, სანამ მზე გადავა მეთქი, მაგრამ სანამ სადილი არ დაასრულა, არაფრით დაიწყო. ერთ-ერთ კადრში, სადაც ყვარყვარეს ფეხებში ვარ ჩავარდნილი და ვეხვეწები, „ყვარყვარე, შენი მუხლების ჭირიმე მეთქი“, დევიმ მითხრა – ქეთევან, მუხლებზე რომ მოეხვევი, რაც არ უნდა იძალადოს, დიდხანს ხელი არა გაუშვაო.

მივარდი დოდოს, მოვეჭიდე ფეხებზე და ვყვირი – „შენი მუხლების ჭირიმე, მიშველე ყვარყვარე“. დოდო იქნევს წიხლებს და მე ხელს არ ვუშვებ. ძალიან გამხდარი ვიყავი და როგორ შევძელი არ ვიცი. ქვიშიანი ადგილი იყო, თავი ვეღარ შეიკავა და ამხელა კაცი თავზე წამომემხო. განერვიულდა დოდო, ძლივს წამომაყენეს. ყველა თავს მეხვეოდა, ხომ არაფერი გეტკინაო (იცინის).

თქვენი ოჯახი…

ჩემი მეუღლე, ომარ მაღრაძე, ჭიათურის თეატრის მსახიობი გახლდათ. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. შვილები არ მყავს, მარტო ვცხოვრობ.

პირველი კინოროლი…

ჩემი პირველი ფილმი, 1977 წელს რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი„ იყო, სადაც ვერიჩკას როლს ვასრულებ.

ბოლო როლი სპექტაკლში…

ბოლო დროს, თეატრში ახალი სპექტაკლი, არ დადგმულა. ჩემი ბოლო სპექტაკლია, რეჟისორ ანდრო ენუქიძის – დ. კლდიაშვილის „უბედურება“, სადაც მაიას როლს ვასრულებ.

53 წელია ჩემ თეატრს ვემსახურები, ყოველთვის წამყვანი მსახიობი ვიყავი. დღემდე აქ ვმუშაობ. მართალია, ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ ფიზიკურად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

ჩემს ასაკთან შედარებით, უკეთ გამოვიყურები. ვინც მხვდება, ყველას უკვირს ჩემი წლოვანება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ მანქანა ვიყიდე და მართვის მოწმობაც კი ავიღე, სოციალურ ქსელებს ვერ ვეგუები. „ფეისბუკი“ არ მაქვს, არც სურვილი გამაჩნია, თორემ ერთი წელია მანქანას ვმართავ (იცინის).

„პრაიმტაიმი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად თეატრალურ საზოგადოებას.