„პირველი პატიოსანი ქალი ვიყავი, რომელიც მანქანას მართავდა“ - 85 წლის აფხაზი მხატვარი პირველ სიყვარულზე, აუხდენელ ოცნებებსა და ცხოვრებისეულ სევდაზე

მხატვარი და ფილოლოგი ემა ქეცბაია

„სიკვდილის წინ ერთადერთ რამეს ვდარდობ, რომ ვერ ვიცეკვე. მინდოდა, სამყაროსთვის ჩემი დიდი სიყვარული გამომეხატა“ - ემა ქეცბაია, 85 წლის მხატვარი აფხაზეთიდან, რომელსაც გადაადგილება საგრძნობლად უჭირს, ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი პერიოდი მარტომ გადალახა, რეალურად მარტოობას თითქმის არასდროს გრძნობს - ხატავს ნატურმორტებს, პეიზაჟებს, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს.

ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებით მონუსხული ქალი, რომელიც უამრავი წელია, სათქმელს ხატვით ამბობს, „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობს:

მე ემა მქვია, მაგრამ ჩემ თავს ემოჩკას ვეძახი, სულ ვეფერები - ჩემი ბავშვობის მოფერება მომინდა. ვარ სრულიად უბრალო, ერთი აფხაზი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მრცხვენია, რაც აფხაზებმა გააკეთეს.

- როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

დილით ლოცვებს ვკითხულობ, ამას მოჰყვება მერე საუზმე, რომელიც ძალიან მიყვარს. თან ძალიან ნელა ვსაუზმობ. მაგალითად, მიყვარს კლასიკურ მუსიკა, რომელსაც ყოველ დილით რადიოში ვუსმენ.

ვახშმის შემდეგ, ლოცვებს ვკითხულობ და ამის მერე დასაძინებლად ვწვები. არ მიყვარს, ჩემ პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მერიდება ინტერვიუზე უარის თქმა. თუკი შემიძლია, პაწაწინა სიკეთე გავაკეთო, რატომაც არა. თითქმის მთელი დღე დაკავებული მაქვს.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ძალიან გიყვართ ცეკვა...

მართლაც ძალიან მიყვარს, თეა დარჩიას ცეკვა რომ ვნახე, დღემდე აღფრთოვანებული ვარ, მან სასწაული სინათლე, სულ სხვა სივრცე შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში. რატომღაც მისმა კოჭებმა მიმიზიდა. უყურებდი, როგორ თრთოდა, ეს საოცარი გოგო.

 

„სამკარი“ რომ ბოლომდე გაიგო, აუცილებელია ცეკვა იმ სიღრმეში, იმ საოცარი ხელების გაშლაში, ალბათ, მეც ძალიან დამეხმარებოდა.

თეასაც კი ვუთხარი, თურმე ცეკვა სხეულის აზროვნებაა და ეს მე დამაკლდა - მეთქი. პირველად ვიგრძენი, რომ ცეკვა არის სხეულის აზროვნება.

როცა დილით და საღამოს ვლოცულობ, შინაგანად ვგრძნობ ცეკვას. ასე მგონია, სამყაროს ხელით ვწვდები და მის რხევაში  ვარ ჩართული.

ცეკვა რომ შემძლებოდა, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. ის აზროვნება დამაკლდა, რასაც ცეკვა გამოხატავს. სმენა და ხმა არ მაქვს, მაგრამ ლოცვის დროს ვგალობ.

ცეკვას ვერ შევასრულებ, მაგრამ სხეულის შიგნით რომ რხევაა, ის ხომ ცეკვაა, ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ არ ვცეკვავდი. სკოლის პერიოდში, როცა ბავშვებს არჩევდნენ, მე ყოველთვის განზე ვდგებოდი.

ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა ცეკვავდეს. უნდა მოხდეს განათლების რეფორმა და დაახლოებით მე -5 კლასამდე, ბავშვებს უნდა ასწავლიდნენ ცეკვას, ხატვასა და მუსიკას.

- მოგვიყევით, პირად ცხოვრებაზე...

85 წლის ვარ, 1937 წლის 1 იანვარს აფხაზეთში, გალის რაიონში დავიბადე, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება, ზუსტად ამ დღეს დავიბადე თუ არა. რაც დაზუსტებით ვიცი, მე რომ დავიბადე, ბებია ძალიან ცუდად იყო და მალე გარდაიცვალა, დასაფლავებიდან რამდენიმე დღეში ბაბუაც გარდაიცვალა.

როგორც ვიცი, ეს შობა დღეს მოხდა, ამიტომ ვფიქრობ, შეიძლება წინა დღეებში დავიბადე. მიუხედავად ამისა, დღემდე პირველში აღვნიშნავ, მიყვარს ეს დღე, თავისი ახალი წლის და ჩემი ამ ქვეყნად მოსვლის, მიუხედავად, ძალიან რთული  ცხოვრებისა.

 

როგორც ვიცი, დედა ჩემი დაბადების მერე მალე გარდაიცვალა და ბიძამ მიშვილა. მამა, ვლადიმერ ქეცბაია სკოლის დირექტორი და რუსული ლიტერატურის პედაგოგი იყო, ლენინის ორდენით ორჯერ დააჯილდოვეს, ჩემი დიდი ბაბუა, ნიკოლოზ პირველის ორდენითა და 100 ჰექტარი მიწით დაჯილდოვდა.

ჩემი და, ციალა ქეცბაიაც პედაგოგი იყო, ბიოლოგიას ასწავლიდა სკოლაში. 5 წლის ვიყავი, დეიდამ და ბიძამ ბორჯომში წამიყვანეს და იქ ვიზრდებოდი.

როგორც ვიცი, ერთ დღეს მაღალი ტემპერატურა მქონდა და ვერ გაიგეს ჩემმა გამზრდელებმა. დილით რომ გავიღვიძე, ფეხზე ვერ დავდექი. სწორედ ეს მაღალი სიცხე გახდა ჩემი დაავადების - „პოლიომიელიტის“ მიზეზი. ალბათ ამის გამო დამაბრუნეს მამასთან, აღარ ვუნდოდი ავადმყოფი ბავშვი.

ჩემი ავადმყოფობის გამო ბევრ პრობლემებს ვხვდებოდი ცხოვრებაში, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი, ყოველთვის მიხაროდა, რომ მე, მე ვიყავი.

ჩემი პიროვნება ბავშვობიდან თავად შევქმენი. ბევრი ვიბრძოლე. როცა ცხოვრებაზე უკმაყოფილო ხარ, თუ შენს თავს არ მიხედე, ვერავინ დაგეხმარება.

თბილისში ჩამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. აფხაზეთიდან დევნილები ვართ, დიდხანს დასთან ვცხოვრობდი და შემდეგ ჩემ ძმისშვილთან, სოფელში გადავედი. ამჟამად თემქაზე ვცხოვრობ, არაშენდას უბანში.

- რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკა თქვენთვის?

ხშირად მაკრიტიკებდნენ, განცდით რა თქმა უნდა გეტკინება, როცა „გჩხვლეტენ“, მაგრამ მე ამ ყველაფერს ვუძლებდი.

რამდენიმე სკოლაში ვასწავლიდი ხატვას, ბევრი მაკრიტიკებდა, მაგრამ მე მაინც ჩემ საქმეს ვაკეთებდი. მყავდა საკუთარი მანქანა და არ მიჭირდა ფეხით გადაადგილება.

დაახლოებით 26 წლის ვიყავი, როცა ჩემმა ძმამ ავტომობილის მართვა მასწავლა. გალში, პირველი, ხაზს გავუსვამ - პირველი პატიოსანი ქალი ვიყავი, რომელიც მანქანას მართავდა.

ჩემ ძმასთან ერთად რომ ვიჯექი, ამბობდნენ, ამ ბიჭმა ეს გოგო დილაადრიანად „გაიტაცაო“, თაყვანისმცემელი ეგონათ. როცა თავად ვმართავდი, არაწესიერ ქალს მეძახდნენ, აბა მანქანას რატომ ატარებსო. 

- პირველი სიყვარული...

მე დღესაც მიყვარს. 14 წლის ასაკში, ფიზიკის ტურზე მოვხვდი. ვიღაც ბიჭმა ზურგიდან „მიჯიკა“, მოვიხედე და ისეთ კარგ ბიჭს შევეჩეხე და ისეთი თვალებით შემომხედა, შემიყვარდა.

ეს ბიჭი, მოგვიანებით, მწერალი გახდა, მან არ იცოდა რომ მიყვარდა. ჩემი სიყვარული, ჩემთვის მქონდა, გულში ვინახავდი.

სტუდენტობის დროს, ერთდროულად, ორი ბიჭი მიყვარდა - ერთი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, თითქოს მასაც ვუყვარდი, მეორე კი „გპი“-ში სწავლობდა, მე უფრო სამედიცინოს სტუდენტი მიყვარდა.

მაგრამ ყოველთვის ჩემი პირველი სიყვარული მახსენდებოდა, ის მიყვარდა. იმათ ვუყვარდი თუ არა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი პრობლემის გამო, მშობლები, სახლში არ შემიშვებდნენ.

ჩემი აღმოჩენით, უნდა გიყვარდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეს შოთა რუსთაველი - „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“.

მიუხედავად იმისა, სულ მიყვარდა და მიყვარს, არავისთან მქონია ურთიერთობა, რადგან ადამიანის სხეული, არ არის გასართობი.

ჩემთვის ვცხოვრობდი, აზრად არ მომსვლია, რომ ვინმეს გასართობი ვყოფილიყავი,მე უნდა მყვარებოდა. პირველი სიყვარული, ეტყობა მზესავით არის, დანარჩენი ვარსკვლავებია. რამდენი ბიჭიც შემიყვარდებოდა, ყველასთან უნდა დავწოლილიყავი?

ვინც მიყვარდა, იმას რომ ჩემთვის ყურადღება მოექცია, აუცილებლად ვიფიქრებდი ოჯახის შექმნაზე, მაგრამ იმ ბიჭმა, ჩემი ფეხები რომ ნახა, მერე უკვე აღარ იცინოდნენ მისი თვალები.

დედა რომ მყოლოდა, დამეხმარებოდა და შეიძლება მეფიქრა ურთიერთობაზე და შვილიც გამეჩინა - შვილი კარგია, საშვილოსნო ორგანომ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა, უნდა შვას შვილი.

- ნანობთ, რომ შვილი არ გააჩინეთ?

ჩემი დისშვილი, მამუკა, რომელსაც გარკვეული პერიოდი ვზრდიდი, სულ მეუბნება, ჩემი მეორე დედა ხარო. მისი დაც ასევე.

ეს ბავშვები, ჩემში არ ჩასახულა, თორემ ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. ჩემი საკუთარი რომ მყავდეს, რატომაც არა, საშვილოსნო თავის მოვალეობას შეასრულებდა.

- რატომ აირჩიეთ მხატვრობა?

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მინდოდა დიდი მხატვარი გამოვსულიყავი. ამავე დროს, ვწერდი კიდეც და მწერლობაზეც ვოცნებობდი.

თბილისის სამხატვრო აკადემიის შემდეგ, სოხუმის ფილოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებელი) დავამთავრე. ლექციებზე რომ ვიჯექი, ჩემ თავს სულ ვეუბნებოდი - რა მაგარი ხარ ემა, რომ ასეთ ზეიმს უწყობ შენ თავს.

- ლიტერატურა თუ მხატვრობა...

ჩემი აზრით, ლიტერატურის გაკვეთილზე უფრო ვჩანდი,  ძალიან ემოციური ვარ და ასევე ემოციურად ვუკითხავდი ბავშვებს ლექსებს და მოთხრობებს.

იცით, როგორ მიყვარს ჩემი საქართველო?  ჩემი სახლის წინ გორაკი იყო, ჩემ ბავშვობაში, ილია ჭავჭავაძეს რომ ვეცნობოდი, იმ გორაკზე ავედი და ღმერთს ვთხოვე, ისე შემაყვარე ჩემი საქართველო, როგორც ილიას უყვარდა-მეთქი.

ჩემი პედაგოგი, მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ (29 სექტემბერს) გარდაიცვალა. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი იყო.  

ჯიბსონის დამსახურება იყო, რომ ვინსენტ ვან გოგი მიყვარს. ისე ბავშვობიდან, ლეონარდოს ფანი ვარ - როგორ ადამიანი, მრავალმხრივ ერუდირებული.

მიუხედავად ჩემი ასეთი ფეხებისა, მოსკოვში, პეტერბურგში ხშირად  ჩავფრენილვარ გამოფენებზე.

ის ჩემი ცხოვრების წინამძღოლი გახდა, როგორც კი მე -6 კლასში, შუა საუკუნეების ისტორია გადაშალა იმ პატარა გოგონამ, ემოჩკას რომ ვეძახი, და რატომღაც შეჩერდა ლეონარდო და ვინჩთან.

- შეუძლებელია, რომანტიკოსი არ იყოთ...

მთელი ჩემი ცხოვრება რომანტიკულია. რეალური ცხოვრებით, მგონი არც ვცხოვრობ. ჩემ მოლბერტზე დევს მზის ჩასვლის პეიზაჟი ანაკლიაში, ეს ნახატი აქ იმიტომ მიდევს, რომ ჩემი მზე ჩადის, მეც ხომ უნდა მოვკვდე, ისე როგორც მზე ჩადის.

- თქვენი ხასიათი, თქვენ ნამუშევრებში გამოიხატება?

ჩემი ნამუშევრები, საკმაოდ ემოციურია. „ხმამაღლა“ ვხმარობ ფერებს - ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, ჩემი საყვარელი ფერებია, ისეთი როგორც ჩემი ემოციები.

ბევრი ნამუშევარი არ მაქვს, მაგრამ სახლში მინდა გავაკეთო ჩემი ნახატების გამოფენა. ადრე ვხატავდი ზეთის ფერებით, ვერ ვიტანდი გუაშით და აკვარელით.

თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ტანსაცმელიც კი არ მქონდა და როგორ შევძლებდი საღებავების შეძენას. ჩემ მეგობარ ალესიას, საჩუქრად აკვარელები მოჰქონდა და გუაშით დავიწყე ხატვა.

ერთხელ ჩემი პენსიიდან 100 ლარი დავიტოვე და და წავედი ზეთის საღებავების საყიდლად, როცა ვყიდულობდი, ბედნიერებისგან ავტირდი. ძალიან თანამიგრძნეს გამყიდველებმა და ტილო გადაჭიმული მუყაოს ჩარჩოები მაჩუქეს.

პეიზაჟების ხატვა მომწონდა ყოველთვის. ამიტომ ბინაც ისეთი შევარჩიე, ლამაზი ხედები და გარემო რომ ყოფილიყო.

მთელ დღეს სახლში ვატარებ და მინდოდა ისეთი ხედები მქონოდა, რომ მუშაობა შემძლებოდა. მე რომ აფხაზი ვარ, მთები მიყვარს, ჩემი გვარი არის ქეც, აფხაზურად ქეცბა იქნებოდა აუცილებლად, ალბათ მამაჩემმა დაამატებინა „ია“.

- ერთ-ერთი ქალბატონი წერდა, რომ აფხაზეთში ცხოვრების და პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში, დემურიას გვარს ატარებდით...

ნამდვილად ასეა, როცა ჩემმა ბიძამ შვილად ამიყვანა, გვარი დემურია დამიწერეს. როცა მამასთან დავბრუნდი, ბაბუამ მთხოვა, ეს გვარი დამეტოვებინა, რადგან მათ არ ჰყავდათ გვარის გამგრძელებელი.

სკოლაში რომ ვმუშაობდი, ყველა დემურიას გვარით მიცნობდა. ამ გვარს აქამდე ვატარებდი, რამდენიმე ხნის წინ დავიბრუნე ჩემი გვარი.

ჩემი მეგობარი პროფესორი დენიზა სუმბაძე ყოველთვის მთხოვდა, აფხაზეთზე ჩანაწერები გამეკეთებინა. აფხაზი ვარ, მაგრამ ქართველი ერის შვილი ვარ.

ასე რომ, აფხაზეთი დამოუკიდებელი ერი არ უნდა იყოს. სწორედ მან მთხოვა, ჩემი გვარი დამებრუნებინა. თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, მას მერე დავიბრუნე საკუთარი გვარი - ქეცბაია.

მინდა გითხრათ, რომ ყოველ დილით, როცა ვლოცულობ, ჩემ მოსწავლეებს მოვიხსენიებ. ძალიან მიყვარდა ყველა და მათ უმრავლესობასაც, ჩემს მიმართ კარგი განწყობა ჰქონდა. ვეტყოდი, რომ მათი მადლობელი ვარ, მიხარია, თუ კიდევ ვახსოვარ, დიდ სიყვარულს და სითბოს ვუგზავნი მათ.

ყველა ლოცვის დროს, ღმერთს ვევედრები წამიყვანოს, აუცილებელია, თავის დროზე სიკვდილი. არ მინდა, რომ ჩემი ავადმყოფობით სხვა ადამიანი შევაწუხო. თავის დროზე სიკვდილი სწორია.