მარი ანტუანეტის ქალიშვილის ვარდისფერი ბრილიანტი თითქმის 14 მილიონ დოლარად გაიყიდა

ვარდისფერი ბრილიანტი

10.38-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი სახელწოდებით „მარია-ტერეზა“, რომელიც საფრანგეთის უკანასკნელი სამეფო წყვილის - მარი ანტუანეტისა და ლუდოვიკო XVI-ის ერთადერთ ქალიშვილს ეკუთვნოდა, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე Magnificent Jewels 13.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ვარაუდობენ, რომ დედოფალმა მარი ანტუანეტმა ეს ბრილიანტი და სხვა რამდენიმე ძვირფასი ქვა თავის პარიკმახერს 1791 წელს, პარიზიდან წარუმატებელ გაქცევამდე წინა დღეს, იმ იმედით გადასცა, რომ ოდესმე უკან დაიბრუნებდა. მოგვიანებით ქვა გადასცეს საფრანგეთის დედოფლის ერთადერთ გადარჩენილ შვილს, ჰერცოგინია მარია-ტერეზა დე ანგულემს, ხოლო შემდეგ მის ძმისშვილს, მარია-ტერეზა დე შამბორს.

ბრილიანტი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფრანგულ, ბავარიულ და ავსტრიულ იმპერატორებსა და სამეფო ოჯახებს. ბოლოს ძვირფასი ქვა აუქციონზე 1996 წელს, ჟენევაში გამოჩნდა. მას შემდეგ ის საზოგადოების თვალს მიღმა რჩებოდა.