გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა

გველის პერანგის თარგმანი

როგორც „პრაიმტაიმს“ ფონდ World of Diaspora-დან აცნობეს, ქალაქ ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნო, რაც  კავშირშია 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან და ემიგრირებული ქართველების მძიმე ხვედრთან.

„რომანი ქართულიდან ვთარგმნე, ხოლო ამ რომანის წინასიტყვაობა 1928 წელს გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნიდან, რომელიც მე მოვიძიე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგს ეკუთვნის და საინტერესოდ წერს საქართველოს შესახებ. თავად გერმანული თარგმანი კი ავტორს, გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. თარგმანს 1 წელი, ხოლო რედაქტირებას 2 წელი დასჭირდა. სულ 340 გვერდია და გრიგოლ რობაქიძის ამ რომანის თარგმნა ჩემთვის დიდი ემოციას და პასუხისმგებლობას უკავშირდება“,- აღნიშნა არჩილ ჯავახაძემ.

ლიტერატურულ საღამოზე, მისასალმებელი სიტყვით წარდგა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია, რომელმაც აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ გამოცემა ნიდერლანდურ ენაზე სცილდება ლიტერატურულ ჩარჩოებს და ქართული კულტურისთვის ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს.

ღონისძიებას  ნიდერლანდური გამომცემლობის, ქართული სათვისტომოს და აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.