„ქარბუქი, შტორმი და ძლიერი ქარი“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1771317504
დროში გაცრეცილი, გაყვითლებული ფურცლები, ზედ მკვეთრი, ოდნავ დაძაბული კალიგრაფია - საუკუნის წინანდელი გალაკტიონის დაკარგული ჩანაწერები ახლა საარქივო ფონდშია დაცული. ჩანახატები, ლექსები, პიესები, უბის წიგნაკი, პირადი წერილები - ტექსტები არცერთ კრებულს, არც მეგობრების მოგონობებს ემთხვევა. უნიკალური მასალა, 2022 წელს მუზეუმების გაერთიანებამ კერძო პირისგან შეიძინა და მისი შესწავლა ახლაც გრძელდება. როგორ აღმოჩნდა კრებული მის ხელში ჩვენთვის უცნობია.
მუზეუმის თანამშრომელი გვიყვება, რომ როდესაც გენიოსი მწერალი სტუმრად მიდიოდა, ჯიბიდან იღებდა და საჩუქრად გადასცემდა იმ ჩანაწერებს, რომლებიც თან ჰქონდა. მეცნიერები მასალის აღდგენასა და გაშიფვრაზე უკვე წლებია მუშაობენ.
ჩანაწერების უმეტესობა თარიღის გარეშეა ან შეცვლილია. სიტყვებით თამაში, გაურკვეველი ფონი - მისი ჩვეული სტილი ახლად აღმოჩენილ ნამუშევრებშიც იკითხება.
ყველა ლექსი რიტმულია, ამბობენ, რომ გალაკტიონს უბის წიგნაკი ყოველთვის თან დაჰქონდა, ბგერებზე და ჟღერადობაზე განსაკუთრებით ბევრს ვარჯიშობდა.
მისი შემოქმედებითი ლაბორატორია გაცილებით ფართო და მდიდარია, რაც მოულოდნელად აღმოჩენილმა პიესებმაც დაადასტურა. ეს არის ჟანრი, რომელშიც აქამდე გალაკტიონი არავის უნახავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისშია შექმნილი. "სულის მიმღები ანგელოზი", "აბესალომ და ეთერი", "აღსარება". აქედან ორი სხვადასხვა პიესის გმირია გოგონა სახელად - ზულეიმა, ტრაგიკული ბედისწერით.
სანამ გალაკტიონი არტისტული გარდატეხის ზღვარზე დადგებოდა, სანამ მისი პოეტური ფანტაზია აფეთქდებოდა და "არტისტული ყვავილები" გამოვიდოდა, რამდენიმე წლით ადრე დედას ყოფითი პრობლემებით დატვირთულ წერილებს უგზავნიდა.
"ძვირფასო დედა-ჩემო! ეს მეორე წერილია, რაც ვაგზავნი და პასუხი არ მომდის..რა ამბავია?
მე არა მიჭირს - რა, კარგადა ვარ, ანდა რა უნდა მომსვლოდეს, რომ აბესალომისთვის მიგიწერია; თუ წერილი არ მომივიდა, უნდა გადავვარდე და ვნახოვო. შენ იქნება ახლა გგონია, და ამ სიშორეზე წამოსვლა ხუმრობა კი არ არი..თუ რამე გამიჭირდა მე თვითონ მოგწერ წერილს და გათავდება.. სულ მუდამ ხომ ბავშვი არა ვარ, რომ გადიასავით მილოლიავო, ეხლა ჩემს თავსაც მოვუვლი, თუ სხვას ვერაფერი ვარგე. ციმბირში კი არა ვარ, რომ კაცმა ვერაფერ გაწვდინოს. ნუ გექნება, ჩემი დარდი, მხოლოდ თავს მოუფრთხილდი და ნუ შესწუხდები. ეხლა შრომა ბევრი გვექნება, მაგრამ რა მოვახერხო? მეც არა ვარ მაინცა და მაინც თავისუფალი.. მშვიდობით, აღდგომამდის ვერ მოვდივარ. გალაკტიონ".
გალაკტიონ ტაბიძის წერილი დედას
"ძვირფასო დედა! გისურვებ ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას. მე მარიგებთ, რომ ჯანმრთელობას მოვუფრთხილდე, მაგრამ თქვენც ასე გმართებთ რომ მოიქცეთ. მე ეხლა კარგად ვარ, წინად ვიყავი სუსტად. მოკლე ხანში ვაპირებ ჩამოსვლას დასასვენებლად. ნახვამდის, ძვირფასო დედა. ჩემს შესახებ ნუ იჯავრებ - ჩემი საქმეები, საზოგადოთ, კარგად მიდის და დიდი იმედები მაქვს მომავლის მარად ერთგული და მოყვარული შენი შვილი გ.ტ.
შენგან გამოგზავნილი სავსე კალათი აბესალომმა ნახევარი მოიტანა აქ და მეორე ნახევარი თვითონ შეჭამა".
მაკრინე გეორგევნა ტაბიძეს. დედა, კიდევ ვიმეორებ, რომ ცხოვრებაში უპირველესი მიზანი ჯანმრთელობაა. თავს მოუფრთხილდი და კარგად იყავი".‘
თითოეული წერილი განსაკუთრებული სითბოთია გაჯერებული. გალაკტიონი მშიერი, გაჭირვებულია, მაგრამ დიდი მოლოდინებით სავსეა.
"საყვარელო დედა! ჩვენ დაგვითხოვეს მაისის 28 რადგანაც ჩვენი სმიტრეტელი მოჰკლეს. ბილეთები დაგვირიგეს, მე ურეპეტიციოდ გადავედი. ხაზეიკა სოფელში არ მიშვებს რადგანაც ფული მოტანილი არა გვაქვს. მეუბნება - სულ არ გაგიშვებ სანემ ფულს არ მოიტანო. წერილს ვაგზავნი და ფული რაც შეიძლება ჩქარა გამოაგზავნეთ! თუ გსურთ სოფელში წამოვიდე.
აბესალომს რ..გონეთ რაც სიმონას დავაბარე. გწერს შენი შვილი გალაქტიონ ტაბიძე".
4 წლის წინ ნაპოვნი გალაკტიონი ჯერ შეუსწავლელია. ბურუსი და ბევრი ღიად დარჩენილი კითხვაა, რომლებსაც წლებთან ერთად პასუხი ლიტერატურის მკვლევრებმა უნდა გასცენ.