"ჩემი მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს" - დათო ევგენიძე

dato

დათო ევგენიძის პირველი საავტორო კონცერტიდან 50 წელი გავიდა. როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ საიუბილეო თარიღს, წელს ორ კონცერტს მიუძღვნის, ერთს თბილისში, მეორეს - პარიზში. 

პარიზიდან ახლახან დაბრუნდა.  უფროსი ქალიშვილი და შვილიშვილები ნახა. ანჟელიკას ექვსი შვილი ჰყავს. როდესაც თბილისში, პირველი ვიზიტის დროს, ქართული ოჯახები უნახავს, მაშინ გადაუწყვეტია, მეც ქართული ოჯახი მექნება, ბევრი შვილი უნდა გავაჩინოო. და როგორც ჩანს, სიტყვა შეასრულა.  

დათო ევგენიძე: ანჟელიკა 12 წლის იყო საფრანგეთიდან საქართველოში პირველად რომ ჩამოვიყვანე. ქართული ოჯახები და სითბო რომ ნახა, მახსოვს, დედაჩემს ეუბნებოდა: მეც ასეთი ქართული ოჯახი უნდა მქონდეს, ბევრი შვილი უნდა მყავდესო.  

და პარიზში ექვსი შვილიშვილი მყავს. ფანტასტიკური იყო მათთან შეხვედრა. ძალიან მენატრებოდნენ... მათი გვარი ასე გამოითქმის - პაღიაწი. სიძე ბიზნესმენია, სერიოზული. ნაბოლარა ორი შვილიშვილი არ მყავდა ნანახი. ოთხი წელიწადია პარიზიში არ ვყოფილვარ და ამ პერიოდში გაჩნდნენ. სამწუხაროდ, ქართული არ იციან.

მაისში საქართველოში აპირებენ ჩამოსვლას. მთელი შემადგენლობით პირველად ჩამოვლენ. მანამდე ანჟელიკა ქმართან ერთად დედაჩემის დასაფლავებაზე იყო თბილისში.

მე მესმის ფრანგული. მე ჩემი საქმით, კონცერტებით ხშირად ვიყავი საფრანგეთში. ჩავდიოდი პერიოდულად, ხან შვიდი თვით, ხან უფრო ნაკლებით. ენა მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. იმდენად მუსიკალური ენაა, თუ სრულყოფილად არ ფლობ, სჯობს არ ილაპარაკო. 

მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი უმცროსი ვაჟი, 17 წლის ნიკოლოზი მახლდა თან და ნახა და და დისშვილები.  ამ ვოიაჟის მერე გადაწყვიტა, რომ პარიზში ისწავლოს. 

ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი, ჟან პიერ გოძო ვნახე, ოცი წლის შემდეგ. ამერიკაში ცხოვრობდა. გოძოს პიკასოს ცნობილი ფოტო აქვს გადაღებული, ზოლიან მაისურში. 

მე გოძოს სახლში ოცი წლის წინ ვცხოვრობდი, ერთი წლის მანძილზე. სამ სართულიანი სახლია და აივნიდან პარიზი მოჩანს. ვნახე სხვა ძველი მეგობრებიც.  ამდენად ემოციურად დატვირთული ვოიაჟი გამოვიდა.

თბილისის შემდეგ პარიზი ჩემთვის მეორე ქალაქია. 

- და პარიზული ინსპირაციებით დაწერთ ახლა რამეს... დათო, ნათქვამი გაქვთ, რომ თქვენი მთავარი სიმღერა გარდაცვლილი დის დასაფლავების დღეს დაწერეთ.

- დიახ. ეს არის სიმღერა "თოლია". როდესაც ჩემი დის დასაფლავების დღეს დავწერე მელოდია, მორის ფოცხიშვილმა დამიწერა ლექსი.

ზღვა­ში ბავშვები თამაშობდნენ, შეაშინეს და ლიას გული გაუსკდა. 16 წლის იყო. და ლია ზღვა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს... 

და ჩემი მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე. 

"თოლიას" ასეთი ტექსტი აქვს:

"დაბლა დაფრინავენ ნისლები, გევედრები, ნუღარ დამესიზმრები. ქარი კივის, და კლავიშებს აწვალებს. გევედრები სულის მოთქმა მაცალე.  ჩემთვის უკვე ყველაფერი გაფრინდა. სიკვდილი რა არის, სიცოცხლე ძნელია..."

მორის ფოცხიშვილს ჩემს ცხოვრებაში დიდი ღვაწლი აქვს. 10 წლის ვიყავი, როდესაც ის ჩემს მელოდიებზე ლექსებს წერდა. ბევრი სიმღერა მაქვს მისი ლექსით. ლიას გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა და გვერდით მედგა... მე იქ კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მორისი მამხნევებდა. 

ბედით განებივრებული ვიყავი, პატარა ასაკიდან გვერდით მედგნენ დიდი ხელოვანები...

პირველი საავტორო კონცერტი რომ გავაკეთე, 13 წლის ვიყავი. წელს საიუბილეო წელია, პირველი საავტორო კონცერტიდან 50 წელი გავიდა. ერთ კონცერტს თბილისში გავაკეთებ, მეორეს - პარიზში. პარიზში როცა მომინდება, შემიძლია ჩავიდე. იქ პროდიუსერები მყავს. წლებია მთავაზობენ სერიოზულ პროექტებს. ახლა დადგა ის დრო, რომ უნდა გავაკეთო რაღაც ახალი.

მოკლედ, საავტორო სიმღერების კონცერტი არ მქონია და წელს გავაკეთებ. იქ შევასრულებ ძველსა და ახალს. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ბესიკის ("ტანო ტატანო") და მუხრან მაჭავარიანის ("ანდუყაფარო, ლიპარიტო") ლექსებზე დაწერილი სიმღერა, სპეციალურად ბერლინის კონცერტისთვის დავწერე. ბუნებრივია, შევასრულებ შევასრულებ "თოლიასაც"...