"არ შეიძლება ადამიანმა, ფულის გულისთვის, საკუთარი სინდისი გაყიდოს. ეს პატარა და ძველი ფორმულა ყოველთვის ძალაშია..." - ქართველების ფილმი, რომელმაც ნიუ-იორკის ფესტივალზე ჯილდო აიღო

festivalze

რეალურ ამბავზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - "ილუზიის" საპრემიერო ჩვენება პირდაპირ ნიუ-იორკის კინო ფესტივალზე შედგა. ქართველების ფსიქოლოგიურმა დრამამ ფესტივალზე პრიზი აიღო. სურათმა ჟიურის ყურადღება სცენარით მიიქცია. "ილუზიის" ერთ-ერთი სცენარის ავტორი მზექალა გოგოჭური გახლავთ, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც ამერიკაში იმყოფება. სცენარის თანაავტორები ლუკა მჭედლიშვილი და ჯოზეფ დი ქროსი არიან. 

ფილმის რეჟისორი კი გიორგი ტყემალაძეა. ოთხ წლიანი ამერიკული ცხოვრების თავზე, ახალგაზრდა ხელოვანმა, უკვე მესამე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოახერხა. არის მიზანსწრაფული, საქმეზე უზომოდ შეყვარებული  და არტისტულად მოუსვენარი. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამერიკული უზარმაზარი ინდუსტრიის ნაწილად იქცა და წინ ჯიუტად მიიწევს. ტემპზე ეტყობა, რომ გაჩერებას არ აპირებს. საქართველოდან გულშემატკივრები ამხნევებენ. მათ შორის, პედაგოგი გიორგი ოვაშვილია. რეჟისორი, ახალბედა კოლეგას, მისთვის შესაფერისი საფესტივალო ცხოვრების რიტმისთვის ფეხის აწყობას ასწავლის. პროფესიონალის რეკომენდაციები ამართლებს. წინ არაერთი გამოწვევაა...

გიორგის ფილმი - "მე ვარ შენი" (როგორც "საუკეთესო დრამა" და საუკეთესოს მსახიობი) ხუთი კინო ფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმია. პირველი ნამუშევარი კი ამერიკულ-ქართული ფილმი "რომანსია". მოკლედ, გიორგის ანგარიშზე საქართველოში - ოთხი და ამერიკაში კი სამი მოკლემტაჟიანი ფილმია.

ახლა "ილუზია" საფესტივალო ცხოვრებას გადის. რამდენიმე კვირაში ვაშინგტონის ფესტივალის მაყურებლის წინაშე წარდგებიან. ამერიკული კინოს ქართველი შემქმნელები ამ დღეს სიხარულით ელიან.

"პრაიმტაიმის" მკითხველს, პატარა ფილმის წარმატებულ დასაწყისზე, მზექალა გოგოჭური და გიორგი ტყემალაძე უყვებიან.

მზექალა გოგოჭური: ამერიკაში შარშან გაზაფხულზე ჩამოვედი და ახლობელმა, თამარ გოგატიშვილმა (მადლობას ვუხდი), ქართველ ახალგაზრდებთან მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობა შემომთავაზა. გიორგი ტყემალაძე და ლუკა მჭედლიშვილი უკვე ოთხი-ხუთი წელია ამერიკულ კინემატოგრაფში მოღვაწეობენ და საკმაოდ წარმატებითაც. წერენ სცენარებს, იღებენ ფილმებს. გიორგი იღებს, ლუკა მონაწილეობს კიდეც ფილმებში. 

ბიჭებმა გამაცნეს იმ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი, რომლზედაც იმხანად მუშაობდნენ. სცენარი საინტერესო მეჩვენა, დატვირთული ღრმა სულიერი განცდებით. მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. "ილუზია" ათწუთიანია, მაგრამ განცდებითა და ემოციებით სავსეა. ეხება დამნაშავეს, რომელსაც სასამართლომ დანაშაული ვერ დაუმტკიცა; "დამშვიდებული სინდისით" გამოდის სასამართლოდან და იწყებს ცხოვრებას.

ბიჭებს ეცოდებოდათ გმირი, მისი ჩადენილი ცოდვების გამო და სურდათ მისთვის რაიმე შვება მოეტანათ, მაგრამ მე ფინალი შევცვალე. ამისთვის ორკვირიანი საუბრები დაგვჭირდა. მე დავარწმუნე, რომ ფილმს ჰქონოდა ის ფინალი, რაც აქვს. ანუ გმირი დაიტანჯა სინანულით. ის შვებას ვერ იპოვის! საბოლოოდ, გიორგიმ თქვა, რა კარგია, რომ შევცვალეთ ფინალი, სწორედ მან მოუტანა ფილმს გარკვეული წარმატებაო.

მე მიმაჩნია, რომ სამივეს თანაბარი წვლილი მიგვიძღვის ამ სცენარის შექმნაში. მიმაჩნია, რომ თუ ეს სცენარი დასახელდა, როგორც საუკეთესო, ამ ჯილდოს სამივე ვინაწილებთ. 

თემა, რომელიც ბიჭებმა აირჩიეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეალური ამბავია, გიორგიმ სადღაც მოისმინა, ოდნავ შეცვალა და გაოცებულმა და აღშფოთებულმა გადაწყვიტა ამ მოვლენის მიმართ საკუთარი აზრი გამოეხატა. ამით საზოგადოებას თავისი ზნეობრივი მაღალი საფეხურები დაანახა. ეს სასიამოვნოა და როგორც ჩანს, დაფასდა.

ფილმში ადამიანის სულიერებაა წამოწეული. დღეს, ამ ციფრულ საუკუნეში, სადაც ფულის აღზევება მიდის, არაფრით არ შეიძლება ადამიანის სულიერი სამყარო - სინდისი, ადამიანობა, სიყვარული შეეწიროს. არ შეიძლება ადამიანმა ფულის გულისთვის საკუთარი სინდისი გაყიდოს. ეს პატარა და ძველი ფორმულა ყოველთვის ძალაშია და საჭიროა, ის ადამიანებს, დროდადრო, შევახსენოთ. არ შეიძლება ადამიანის მომავალი კეთილდღეობა სიხარბეზე, ბოროტებასა და გაუტანლობაზე იყოს აგებული. 

მადლობა ჟიურის და ამერიკას, რომელიც გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყოველთვის მოტივირებული იყო. ეს ლეგენდა არ არის. ეს აქ რეალობაა. თუ გაქვს გარკვეული ცოდნა და უნარი, ამერიკაში გიფასდება. თან ნებისმიერ ასაკსა და ასპარეზზე, შეგიძლია საქმე წამოიწყო და საუკეთესო შედეგებს მიაღწიო. 

მიხარია, ამ ნიჭიერ ბიჭებთან ერთად მუშაობა. ლუკა ცალკეული ფანტაზიებით მამარაგებს. მე სიუჟეტებად ვაქცევ, მათ შორის ლოგიკური ჯაჭვის გაბმას ვცდილობ... და ასე ვმუშაობთ.

ამ ფილმის წყალობით, ამერიკული კინემატოგრაფის საიტზე, დამარეგისტრირეს როგორც სცენარისტი. ანუ მე უკვე ამერიკელ ხელოვანთა სიას მივეკუთვნები და მიხარია. სასიამოვნოა.

გიორგი ტყემალაძე ოთხი წელია ამერიკაშია. ნიუ იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ვაშინგტონი, ისევ - ნიუ იორკი. საფესტივალო ცხოვრების მატარებელს დაჰყვება.

ახლაც ამგვარად მიუყვება საკუთარი მოკლემეტრაჟინი ფილმების გაკვალული გზის ბილიკებს. 

"პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მოკლე ფილმების გადაღება ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. ამ საქმისადმი გიორგის სიყვარულის შემხედვარენი, ნახევრად ხუმრობით ეუბნებიან, რეჟისურა წინა ცხოვრებიდან გაქვს გადმოყოლილიო.

ამბობს, რომ კოლოსალური შრომა ჩადო საქმეში, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

მისი პედაგოგები ბუბა ხოტივარი და გიორგი ოვაშვილი არიან. რეჟისორებს ემადლიერება. გიორგი ოვაშვილი, კარიერისთვის სასარგებლო კონტაქტების მოძიებაში, დღემდე ეხმარება. 

გიორგი ტყემალაძე: გიორგი მირჩევს, რომელ ფესტივალზე გავგზავნო ფილმი, რომლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. რეკომენდაციას მიწევს, ეს პროცესი არ დასრულებულა. 

მოკლედ, "ილუზია" ერთწლიან საფესტივალო ცხოვრებაში ჩაება. რა შედეგსაც დადებს, შემდეგი ფილმის ბედიც იმის მიხედვით გადაწყდება. 

ჩვენგან "ილუზიის" მთავარი მესიჯია, არ არსებობს დაფარული, რაც არ გაცხადდეს

ამ ეტაპზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებ, რადგან ჯერ, მგონია, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის სიმძიმეს ვერ ავწევ, შეიძლება გამჭყლიტოს. მირჩევნია, ორგანულობა ვიპოვო ადამიანებთან და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადავიღო. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

"შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

"ნიჭს უფალი გაძლევს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო" - ტარიელ ხარხელაური 78 წლის გახდა

ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

"ლატვიელი ბრეგვაძე" - "ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია" - ნანი ლაიმასთან დუეტზე