„ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"

გარდიანი

ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალმა ცნობილი გამოცემა The Guardian-ის ყურადღება მიიქცია. პოპულარული მედიის ორმა ავტორმა ქართულ ფილმზე რეცენზიები გამოაქვეყნეს. ორივე მათგანმა ფილმი 5-დან 4 ვარსკვლავით შეაფასა.

შაშვი, შაშვი, მაყვალი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. ის მამისა და ძმის სიკვდილის შემდეგ საკუთარი თავისუფლებით ტკბება და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ეთეროს გეგმებს თავდაყირა აყენებს.

თამთა მელაშვილი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა საერთაშორისო აღიარება უკვე არაერთხელ მოიპოვა. ნაწარმოების მთავარი გმირის, ეთეროს, როლს ფილმში ეკატერინე ჩავლეიშვილი ირგებს.

"ჩავლეიშვილი შეუდარებელია, მისი შესრულება კი ნამუშევარსა და მის ხასიათს ქმნის. ეთერო სიმკაცრისა და ემოციურობის ნაზავია, რაც შეუთავსებელი უნდა იყოს, მაგრამ ერთმანეთს მშვენივრად ერწყმის", — წერს The Guardian-ის ავტორი ვენდი აიდი.

ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვეიცარიული კომპანია Alva Film-ის საერთო ნამუშევარია. შაშვი, შაშვი, მაყვალის ერთ-ერთი სცენარისტი თავად რომანის ავტორი იყო.

"ეს ფილმი იმას გვიჩვენებს, რის დაიგნორებასაც ფილმების დიდი ნაწილი ცდილობს — სიყვარული და სექსი მხოლოდ საყვარლებისთვის, სექსუალურებისთვის და ახალგაზრდებისთვის არაა. შაშვი შაშვი მაყვალი ნაზი და ლამაზი ფილმია", — წერს The Guardian-ის მეორე ავტორი, პიტერ ბრედშოუ.

შაშვი შაშვი მაყვალმა აქამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შაშვი შაშვი მაყვალმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ის მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა.

ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, სარაევოს კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის შაშვი შაშვი მაყვალისაუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა. შაშვი შაშვი მაყვალი 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაშიც მოხვდა და ასევე, კანის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი. ცოტა ხნის წინ ფილმი შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა.

მელაშვილის ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია საბაც მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლიც.