კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შსს ღამით

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.შ., და წარსულში ნასამართლევები: 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს
დაბადებული ლ.ი. დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებას ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.