პენსიების ზრდა, სოციალური დახმარების პროგრამები და დასაქმების ხელშეწყობა - რეფორმები ჯანდაცვის სფეროში და სამოქმედო გეგმები

თამილა ბარკალაია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამინისტრო მიერ განსახორციელებელ 2024 წლის სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად, ამ სფეროში გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ პირობებს და მდგომარეობას.

პენსიები

„პირველი საკითხი, რაც პრემიერმა ახსენა ეს არის პენსიების მატება. პენსიები 2023 წელს გაიზარდა და ეს პოლიტიკა 2024 წელსაც გაგრძელდება. ახალი წლიდან 20 ლარიანი ზრდა არის დაგეგმილი 70 წლამდე პენსიონერებისთვის, ხოლო, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის - 50 ლარიანი.

2021 წელს ამოქმედდა კანონი ინდექსაციის შესახებ, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს პენსიების ზრდას და შესაბამისად მივყვებით აღნიშნულ გეგმას.

ამ ეტაპამდე, 835 ათასი პენსიონერი გვყავს, 2024 წლის ბიუჯეტში საკმაოდ დიდი ზრდა არის დაგეგმილი საბიუჯეტო პენსიების მიმართულებით და 3 მილიარდ 930 მილიონია გათვალისწინებული“

სოციალური პროგრამები

„მიზნობრივი სოციალური პროგრამის ფარგლებში ცალკე არის გამოყოფილი ბავშვების ბენეფიტი, რომელიც 2023 წლის ივნისში გაიზარდა და 200 ლარი შეადგინა, შარშან კი ეს თანხა 150 ლარს იყო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ამოქმედდა ბავშვის ბენეფიტის მიზნობრივი სოციალური პროგრამის მიმართულებით ეს არის იმ ზღვრული მაქსიმალური ქულის ზრდა, რომელიც მიმღები ოჯახებისთვის არის განკუთვნილი. თუკი მანამდე 100 ათასი ქულა და ნაკლები ვისაც ჰქონდა მოწყვლადობის, ისინი იღებდნენ მხოლოდ ბავშვის ბენეფიტს და სოციალურ გასაცემელს, ამ ცვლილებების შესაბამისად, 120 ათასი გახდა ეს ქულა. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვის დახმარება შეძლოს სახელმწიფომ. ამ ეტაპზე 230 ათასი ბავშვი გვყავს პროგრამაში ჩართული და აღნიშნული გასაცემლების გაცემა 2024 წელსაც გაგრძელდება. პარალელურად, როგორც პრემიერმა აღნიშნა, გრძელდება მუშაობა და რესურსების მობილიზება იმისათვის, რომ ბავშვის ბენეფიტის ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს.

რაც შეეხება შშმ პირთა სოციალურ პაკეტებს 2023 წელს ზრდა გვაქვს ამ მიმართულებითაც. პარალელურად ამოქმედდა ინდექსაციის წესით, რაც კანონით მუდმივ და ყოველწლიურ ზრდას ითვალისწინებს შშმ სოციალური პაკეტის. რაც გულისხმობს იმას, რომ 2024 წელსაც არის დაგეგმილი შშმ პირთა სოციალური პაკეტის ზრდა. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის წლევანდელი 340 ლარის ნაცვლად მომავალ წელს 390 ლარი იქნება, ე.წ მეორე ჯგუფი ანუ მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისათვის წლევანდელი 175 ლარის ნაცვლად 195 ლარი, ხოლო, ზომიერად გამოხატული შშმ პირებისთვის წლევანდელი 135 ლარის ნაცვლად 155 ლარი. ამ ეტაპზე 128 ათასი შშმ პირი იღებს სამ სოციალურ პაკეტს აქედან 15 ათასი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.

პარალელურად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარდა ფულადი გასაცემლებისა, შშმ პირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია სოციალური რეაბილიტაციის და სხვადასხვა ტიპის მომსახურებები. ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედებს სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სერვისები, 24 საათიანი სამზრუნველო და დღის ცენტრები. ეს ყველა სერვისი მიმართულია იმისკენ, რომ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. აქაც ბიუჯეტი წლიდან წლამდე მზარდია და საკმაოდ სოლიდური ზრდა არის მომავალ წელსაც გათვალისწინებული. 

ერთი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ეს პროგრამა ათწლეულია მოქმედებს და წლევანდელი ბიუჯეტი ამ პროგრამის 66 მილიონია, ხოლო მომავალ წელს 76 მილიონია გათვალისწინებული. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 2011 წელს მხოლოდ 11 მილიონი იყო. შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სერვისები იყოს მრავალფეროვანი და ამასთან ყველა რეგიონში და მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი“

დასაქმების პროგრამა

„გასულ წელს, პრემიერის ინიციატივით ამოქმედდა საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი პირები დასაქმებისკენ. საზოგადოებრივი სამუშაოები ეს არის ისეთი სამუშაოები, რომელიც დიდ როლს ასრულებს გრძელვადიან უმუშევრობასა და ღია შრომის ბაზარზე დასაქმებაში.  დაახლოებით 33 ათასი ადამიანია ამ ეტაპზე საზოგადოებრივ სამუშაოებში დასაქმებული, თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიმართულებით. აქაც საკმაოდ კარგი და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, 2022 წელს ღია შრომის ბაზარზე 12 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის - 8 ათასი სოციალურად დაუცველი. ხოლო, 2023 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით 13 ათას 500 ადამიანი დასაქმდა, რომელთაგან 11 ათასი სოციალურად დაუცველია“

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას - ზურაბ აზარაშვილი

შობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ჩვენ დავადგინეთ ახალი, სამართლიანი ტარიფი, რომლის მიხედვითაც დამატებით თანხის გადახდა პაციენტს აღარ მოუწევს - ილია ღუდუშაური

DRG-ის ჩვენთან დანერგვის შემდეგ, ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა და ყველა აღფრთოვანებულია იმ წარმატებული შედეგებით, რასაც საქართველომ მოკლე დროში მიაღწია - ზურაბ აზარაშვილი