დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი
1788274187
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან - მარი ზანაქიძესთან და ლელა სურმანიძესთან ერთად, სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის 38-ე პოლიპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას – „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ დაესწრო.
მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სიტყვით მიმართა. ნინო ნიჟარაძემ ყურადღება გაამახვილა უწყვეტი სამედიცინო განათლების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო კლინიკური სტანდარტების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობაზე.
„მედიცინა მუდმივ განვითარებასა და ცოდნის განახლებას მოითხოვს. თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სპეციალისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ხარისხიანი და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია“, – აღნიშნა მინისტრმა.
კონფერენციის მთავარი თემატური მიმართულებები მეტაბოლიზმის დარღვევებთან ასოცირებული დაავადებების - დიაბეტის, სიმსუქნის, ღვიძლის, გულისა და პანკრეასის დაავადებებისა და ონკოლოგიური პროცესების ადრეული დიაგნოსტიკა და მართვა, ასევე თანამედროვე მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებია.
სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში სპეციალისტებმა განიხილეს DXA კვლევის თანამედროვე შესაძლებლობები, პრედიაბეტისა და დიაბეტის კავშირი ღვიძლის დაავადებებთან, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერურიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და თანამედროვე იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული ენდოკრინული გართულებების მართვა.
კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე კლინიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ღონისძიება სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს აერთიანებს და ქმნის მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმას, სადაც სამეცნიერო მტკიცებულებები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული კლინიკური მიდგომები ერთ სივრცეში იყრის თავს.