XIX საუკუნის მიწურულს ტფილისის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი წვრილ ვაჭარ-ხელოსანთა კორპორაციებს ეჭირა. მათში გაერთიანებულნი იყვნენ ერთნაირი ხელობისა და პროფესიის  ხელოსნები. თავდაპირველად ამ გაერთიანებას არაბულ ენაზე „ანსაფი“ ეწოდებოდა; მოგვიანებით ის „ჰამქარმა“ ჩაანაცვლა, რაც სპარსულად თანამოსაქმეობას ნიშნავს. ამქარს თავისი წესდება, უსტაბაში, სალარო, დროშა და ხელობის დამცველი წმინდანი ჰყავდა.

ხელოსნების უბანი ძირითადად გოგირდის აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, სადაც სხვადასხვა ხელობის ოსტატები – კალატოზები, ხარაზები, ბაზაზები,  მეუნაგირეები, მეთუნუქეები, ხუროები, დურგლები, მეთუნეები, მჭედლები, ოქრომჭედლები, თერძები და სხვა ხელოსნები საქმიანობდნენ.

„დერციკები“ ერქვათ მკერავებს, რომლებიც, ძირითადად, ქართული სამოსის ისეთ სახეობებს ამზადებდნენ, როგორიც იყო ჩოხა-ახალუხი, ქულაჯა, ხონჯრიანი განიერი შარვლები, ყაბალახი და სხვა. ისინი, სხვა ხელოსნების მსგავსად, ამქრებში იყვნენ გაერთიანებულნი. როგორც ჩანს, იმდროინდელ ტფილისში ხელოსანთა შორის განსაკუთრებული მოთხოვნა დერციკებზე იყო, რადგან  XX საუკუნის დასაწყისამდე  ქართველი მამაკაცები ჯერ კიდევ ტრადიციულ სამოსს – ჩოხა-ახალუხს ანიჭებდნენ უპირატესობას. მოგვიანებით, ევროპასთან დამყარებულმა მჭიდრო კავშირებმა სხვა მოთხოვნები გაუღვივა ქართულ საზოგადოებას. ეროვნული სამოსი თანდათან ჩანაცვლდა ევროპულით, ხოლო ქართველი დერციკები ევროპული ყაიდის მოდისტებმა შეცვალეს. 

წყარო: nationalgeographic.ge