წონაში კლების წარმატება პირდაპირ კავშირშია აწონვის სიხშირესთან - მეცნიერები

წონა

წონის დაკლების პროგრესი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ხშირად ამოწმებს ადამიანი ამ პროცესში წონას. ამას მოწმობს ახალი კვლევა.

ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტის კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი დააკვირდა 74 ექსპერიმენტულ მონაწილეს, რომლებმაც დაასრულეს წონის დაკლების 3-თვიანი პროგრამა. მონაწილეთა უმრავლესობა იყო ქალები 40-დან 60 წლამდე.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეები ყოველკვირეულად იღებდნენ წონის დაკლების ონლაინ გაკვეთილებს. მათ დამოუკიდებლად უნდა ეკონტროლებინათ კალორიების მიღება და ფიზიკური აქტივობის დონე. მათ ასევე ყოველდღე უწევდათ აწონვა. კვირაში ერთხელ მონაწილეები ავსებდნენ ონლაინ კითხვარს და მკვლევრებს აწვდიდნენ თვითმონიტორინგის მონაცემებს. წონის დაკლების სამთვიანი პროგრამის დასასრულს მონაწილეთა შორის საშუალო წონაში კლება იყო 6,42 კილოგრამი.

ამის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს გაეგრძელებინათ თავიანთი წონის ყოველდღიური მონიტორინგი და კვირაში ერთხელ შეევსოთ კითხვარები. მაგრამ ახლა უკვე აღარ იყო საჭირო მკვლევრების ჩარევა პროცესში. ცხრა თვის შემდეგ მონაწილეები კვლავ აწონეს: ბევრმა მოიმატა წონა - საშუალოდ 2,98 კილოგრამი.

შეგროვებული მონაცემების შედარების შემდეგ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ისინი, ვინც კვირაში ერთხელ ან ორჯერ იწონიდნენ, უფრო მეტ წონას იმატებდნენ. ვინც კვირაში 5-6-ჯერ, პირიქით, წონაში კლებას განაგრძობდა.

ზოგადი ტენდენცია აშკარად ჩანს: რაც უფრო ხშირად ამოწმებს ადამიანი წონას, მით უფრო ეფექტურია წონის დაკლების პროცესი.