ვინ იყო 15 წლის ბიჭი, რომელსაც ვატიკანი სექტემბერში წმინდანად შერაცხავს - რა სასწაულებს უკავშირებენ მას

კარლო აკუტისი

იტალიაში, 2006 წელს გარდაცვლილ 15 წლის ბიჭს ოფიციალურად წმინდანად შერაცხავენ სექტემბერში, რომელიც XXI საუკუნის პირველი წმინდანი და პირველი ათასწლეულის წმინდანი იქნება. ამის შესახებ განკარგულება ჯერ კიდევ რომის პაპმა ფრანცისკემ გამოსცა.

მან ეს პატივი გაჭირვებულებისთვის თავდაუზოგავი სამსახურის გაწევისთვის, ასევე იმის გამო დაიმსახურა, რომ ინტერნეტსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის რწმენას მისთვისაც კი უჩვეულო მონდომებით ავრცელებდა.

კარლო აკუტისის ცხედარი დასვენებულია იტალიის ქალაქ ასიზში, სადაც ხალხს შეუძლია მოინახულოს ახალგაზრდა ნეტარი, ჯინსებსა და სვიტერში გამოწყობილი. ის 2006 წელს, 15 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა.

მილანის დასავლეთით მდებარე ტერენგოში, მის დაკრძალვაზე, მასთან გამოსამშვიდობებლად ბევრი ღარიბი და უსახლკარო ადამიანი მივიდა. შესაძლოა, ისინი კარლოს ინტერნეტიდან კი არა, მხოლოდ პირადი შეხვედრებიდან იცნობდნენ, როდესაც აკუტისი მათ საკვებს და პირველადი მოხმარების ნივთებს უზიარებდა.

კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებელია, სულ ცოტა, ორი სასწაულის აღიარება, რომელიც კანდიდატის სახელს უკავშირდება.

პირველი შემთხვევა, რომელსაც მოზარდის სასწაულს მიაწერენ, 2013 წელს, ბრაზილიაში მოხდა – პანკრეასის დაავადების მქონე ბავშვი განიკურნა მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენისთვის ახლობლებმა აკუტისის სახელზე ილოცეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2022 წელს იტალიაში 21 წლის კოსტარიკელმა ქალმა ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად თავის მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც დედამისმა აკუტისის საფლავზე ილოცა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა – მან იმავე დღეს დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, ხელოვნური აპარატის გარეშე, ათი დღის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს.

სწორედ ეს ორი შემთხვევა ცნო ვატიკანმა სასწაულად, რაც მოზარდის წმინდანად შერაცხვის საფუძველი გახდა.