„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

patriarqi

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან - 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

„46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ფეისბუქ გვერდი "თბილისური ამარკორდი" პატრიარქის აღსაყდრების ეპიზოდს (წყარო ჟურნალი "ეპიზოდი") იხსენებს. 

საზეიმო აღსაყდრების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა.
პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონაზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა.

დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.
გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს.

- "როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა?" - იკითხა დედამ.

- "დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი." - უპასუხა ნელიმ.

იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: "პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო."

ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვალა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას. ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.

1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.

გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: - "მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს." ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა - ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა.

საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს - ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას. რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმინდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოვგზავნით ხოლმეო.

ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: - "ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს!" - პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.

მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი მირონი საქართველოში იხარშებოდა.

წყარო: თბილისური ამარკორდი, ჟურნალი „ეპიზოდი“

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა