გარდაცვლილი ქალი, რომ არ დაბრუნებულიყო, ის საფლავში დააბეს - უჩვეულო სამარხის იდუმალი ისტორია

სამარხი

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის სამარხი, რომელსაც, როგორც ჩანს, სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ იმდენად საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ორჯერ სცადეს, ხელი შეეშალათ მისი საფლავიდან „დაბრუნებისთვის“. მის ფეხის ცერა თითზე საკეტი იპოვეს, ხოლო ყელზე ნამგალი, პირქვე მიმართული პირით, წერს Science Alert.

უჩვეულო სამარხი არქეოლოგებმა 2022 წელს, პოლონეთის ქალაქ პიენის სიახლოვეს აღმოაჩინეს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ საფლავი XVII საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს ე.წ. ანტიდემონური პრაქტიკის ერთდროულად ორი მეთოდის გამოყენების იშვიათ მაგალითს, რაც ცოცხლების საშიში მიცვალებულებისგან დასაცავად გამოიყენებოდა.

ძვლების ანალიზმა აჩვენა, რომ ქალი გარდაცვალებისას დაახლოებით 17–19 წლის იყო. სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.

ამავდროულად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს მისი საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსის ნიშნები. თავის არეში შემორჩენილი იყო ოქროსა და ვერცხლის ძაფებით მოქარგული აბრეშუმის ქუდის ნაშთები. გენეტიკურმა ანალიზმა ასევე აჩვენა დედის მხრიდან სავარაუდო სკანდინავიური წარმოშობა, თუმცა თავად ქალი, სავარაუდოდ, პოლონეთში დაიბადა და გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, გარდაცვალების შემდეგ მას სულაც არ მოეპყრნენ ისე, როგორც პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელს. მის მარცხენა ფეხის ცერა თითზე სამკუთხა საკეტი იყო მიმაგრებული. იმ დროინდელი რწმენით, ასეთ ნივთს სიმბოლურად უნდა „დაებლოკა“ მიცვალებული და ხელი შეეშალა მისი ცოცხლების სამყაროში დაბრუნებისთვის. თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საფლავი მოგვიანებით გახსნეს. სწორედ მაშინ მიმართეს, სავარაუდოდ, დაცვის გაცილებით საზარელ მეთოდს: ქალს ყელზე ნამგალი დაადეს, პირქვე მიმართული პირით. თუ ის წამოყენებას სცდიდა, მჭრელ პირს ხელი უნდა შეეშალა ამისთვის.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს გოგონა შესაძლოა იმ უბედურებებთან დაეკავშირებინათ, რომლებიც თემში ხდებოდა.

XVII საუკუნეში ადამიანები ხშირად ეძებდნენ ზებუნებრივ ახსნას ავადმყოფობების, შიმშილობისა და სხვა უბედურებებისთვის. თუ ვინმეს გარდაცვალების შემდეგ სოფელში ახალი პრობლემები დაიწყებოდა, მიცვალებულს უბედურების მიზეზად მიიჩნევდნენ და მისი დაბრუნების ეშინოდათ.

„ამ ქალს, სავარაუდოდ, ბუნდოვან უბედურებებში ადანაშაულებდნენ, მაგალითად, ავადმყოფობებსა თუ შიმშილობაში“, - აღნიშნეს მკვლევრებმა.

მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მის უჩვეულო წარმოშობას, სიკვდილის შესაძლო თავისებურებებს, ასაკსა და სოციალურ ქცევას შესაძლოა გავლენა მოეხდინა თემის დამოკიდებულებაზე.

მსგავსი სამარხები პოლონეთის სხვადასხვა რეგიონში ადრეც აღმოუჩენიათ. ნამგლები, საკეტები და სხვა ნივთები საფლავებში მიცვალებულთა დაბრუნების აღსაკვეთად გამოიყენებოდა.

თუმცა, ერთ სამარხში საკეტისა და ნამგლის კომბინაცია უკიდურესად იშვიათად გვხვდება. არქეოლოგების აზრით, ადგილობრივი მცხოვრებლები შესაძლოა იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ ამ მიცვალებულიდან მომდინარე საფრთხეში, რომ საფლავის დაცვის პირველი მცდელობის შემდეგ გადაწყვიტეს, დამატებითი, გაცილებით რადიკალური ზომისთვის მიემართათ.