შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ტანსაცმლის ტარება - მღვდლების მოსაზრება
1771357904
აფხაზეთის ომის ფოტო, რომელიც 1993 წელს ჭუბერის უღელტეხილზეა გადაღებული. ერთი ფოტო და ისტორია, რომელსაც სამი გმირი ჰყავს - ჯარისკაცი, რომელმაც ერთი წლის გოგონა გადაარჩინა, თავად ეს ბავშვი და ფოტოგრაფი, რომელმაც ეს სცენა ფირზე აღბეჭდა. ამ ადამიანებმა ერთმანეთი 33 წლის შემდეგ იპოვეს. მათთან ინტერვიუ "კურიერი P.S."-მა ჩაწერა.
"ამ სურათის შესახებ ბავშვობიდან მიყვებოდნენ. პატარა რომ ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ ამ ფოტოზე მე ვიყავი ჯარისკაცთან ერთად - იმ დღეს სოხუმიდან გავიქეცით".
ისტორიას შემონახულმა ამ ერთმა წამმა, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ცხოვრება, ალბათ, სამუდამოდ შეცვალა. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ბავშვი და ჯარისკაცი - ომმა წამიერად შეახვედრა და მერე სამუდამოდ დააშორა კიდეც. მათი გზები იმ გზაზე გადაიკვეთა და თან გაიყო, სადაც ადამიანები სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
მაშინ, როცა ათასობით ქალი, ბავშვი, კაცი - პატარა თუ დიდი კოდორის ხეობის გავლით მოდიოდა ჭუბერის უღელტეხილზე: ფეხით, სიცივეში, თოვლსა და წვიმაში, დიდ გაჭირვებაში. ომს გადარჩენილების ნაწილმა ამ გზას ვერ გაუძლო და დაიღუპა. უღელტეხილი იმდენად რთული გადასასვლელი იყო, რომ ადამიანები შიმშილითა და სიცივით იხოცებოდნენ. მოდიოდნენ დაკარგული იმედებით და შეშინებული თვალებით, ყველაფერდაკარგულები - მხოლოდ მოგონებებით.
ამ გზაზე დედას მოჰყავდა გაგრაში დაბადებული პატარა გოგოც, მაშინ ერთი წლისაც რომ არ იყო. როცა მათ ქალაქში ომი დაიწყო, ოჯახი მთაში გაიხიზნა. იმ ღამეს კოცონთან ისხდნენ და თბებოდნენ, როცა მათთან ერთი ჯარისკაცი მივიდა და უთხრა, რომ მეორე დღეს ვერტმფრენი მიფრინავდა. იქამდე მისასვლელი გზა შორი და რთული იყო, ბავშვის დედას ფეხით სიარული აღარ შეეძლო, ქართველმა სამხედრომ კი პატარა გოგონა სამშვიდობოს უსაფრთხოდ გაიყვანა.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ფოტოზე გამოსახული მებრძოლი სულხან წურწუმიაა, გოგონა კი - ნინა ჯალიაშვილი. ის ახლა ემიგრაციაშია, ამერიკაში ცხოვრობს. გოგონას ბებია ბავშვობიდან უყვებოდა კაცზე, რომელმაც 33 წლის წინ, აფხაზეთის ომის დროს გადაარჩინა, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მისი ვინაობა. ნინას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა სულხანიც, თუმცა მისი გაცნობა ვეღარ მოასწრო - ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ნინოს ოჯახი ომის დაწყებამდე გაგრაში ცხოვრობდა. როცა ომი დაიწყო, მალევე გაიხიზნენ. ნინა ყვება, როგორი ემოციური იყო ის წუთები, როცა ჯარისკაცის ვინაობის შესახებ შეიტყო. ახლა ფლორიდაში ცხოვრობს, ისევ სანაპიროზე. ეფიქრება აფხაზეთზე, სადაც ცხოვრება ვერ მოასწრო, მაგრამ იცის მშობლებისა და ბებიის მონათხრობიდან.
ეს ქალი ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი იყო, რომელმაც ისტორიად ქცეულ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები იპოვა. მათ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. პატარა ბავშვისა და ჯარისკაცის ისტორიით თავდაპირველად თავად დაინტერესდა. ომიც საკუთარი თვალით ნახა - აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დროს ომის ისტორიებს აშუქებდა. რა აღარ უნახავს და გადახდენია, თუმცა ეს ფოტო მისთვის მაინც ყველასგან გამორჩეული და ემოციური აღმოჩნდა.
ეს შეჩერებული კადრი ჭუბერის გზაზე ფოტოგრაფმა გოგა შარაშენიძემ გადაიღო. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული წუთები მან ფოტოკადრებად აქცია. ჩაფიქრებული კაცი სვანური ქუდით, ცეცხლთან მჯდარი ქალი, უიმედო და შეშინებული მზერით ქალი ბავშვთან ერთად დაბომბილი ქალაქიდან - ომზე ამეტყველებული, ამ დრომდე გამოუქვეყნებელი ფოტოსურათების ავტორი ახლა ვანში ცხოვრობს და წლების შემდეგაც ომის ამბებს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.
ომის დროს გოგა შარაშენიძე და თამარ მოლაშვილი ერთად მუშაობდნენ. ჯარისკაცისა და გოგონას ფოტო ფოტოგრაფმა ჟურნალისტს აჩვენა, რომელმაც ის სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემთხვევით ნახა ჯარისკაცის მეგობარმა, ემზარ ხვიჩიამ, და ამ ამბის შესახებ სულხანს უამბო.
სულხან წურწუმიას ბიძაშვილი გვიყვება ჯარისკაცის გმირობის ამბებს.
მართალია, ჯარისკაცმა და გოგონამ ერთმანეთის გაცნობა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ წლების შემდეგაც ეს ფოტო, ალბათ, გულგრილს ვერავის დატოვებს. უცვლელია ომის ამ ადამიანური ისტორიის მთავარი გმირების ემოციებიც - დრომ და წლებმა რომ ვერაფერი დააკლო.
ამ ერთმა ომგამოვლილმა ფოტოკადრმა იმაზე მეტი თქვა ომგამოვლილებზე, მათ ემოციებზე, პიროვნულ ღირსებაზე, ადამიანურ სიკეთეზე, ვიდრე რომელიმე სიტყვა დაიტევდა. ამ ერთი კაცის მიერ ერთი გადარჩენილი ბავშვის ისტორია კეთილ ზღაპარს ჰგავს - ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე წუთებში რომ იწერებოდა, იმედით და თან სევდიანად. ზღაპარს, რომელსაც მაინც კეთილი დასასრული აქვს.