მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლაშხი

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება ის საგანმანათლებლო საფეხურია, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად ამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს და უზრუნველყოფს ინტელექტუალური რესურსის სწრაფ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე.

„აღნიშნულ კონკურსს საქართველოს პარლამენტი 2022 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს. კონკურსის ფარგლებში, ჩვენი მთავარი აქცენტი ინკლუზიური განათლებაა. ინკლუზიური მიდგომის და თითოეული ადამიანის საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, განათლების სისტემა ვერ იქნება სრულყოფილი. ეს არის სწორედ ის ერთობა და თანამშრომლობა, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

2025 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები ოთხ მთავარ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

კონკურსის ფარგლებში დაწესებულ სპეციალური კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს: საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა.

საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური სპეციალურ პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გადაეცა კოლეჯს  „ახალი ტალღა“. წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის სპეციალური პრიზი გადასცა სტუდენტ საბა ფუთურიძეს.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: „ათასწლეულის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა,  ისრაელის ელჩმა საქართველოში  ვალიდ აბუ-ჰაიამ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ხანდოლიშვილმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ღონისძიებას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი „ათასწლეულის ფონდის“ ორგანიზებითა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.