1775651796
მანდატურის სამსახურის უფროსმა ბუდაპეშტში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ნარკოტიკებისგან თავისუფალი მომავალი – ნარკოტიკების პრევენციის პროგრამები სკოლის ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ (V4+).
საერთაშორისო კონფერენციაზე პავლე მაჭარაშვილი მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგა და ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური ნივთიერების ავადმოხმარების კუთხით, საქართველოში არსებული გამოცდილება გააცნო. მანდატურის სამსახურის უფროსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, განხორციელებული და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებებისა და პროგრამების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის კუთხით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე იმსჯელეს, პრევენციის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი განიხილეს და შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.










