გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

მიქანაძე

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის ტრადიციულ ღონისძიებაზე მიწვევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, რომლისლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად სასკოლო ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ.

მინისტრმა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი თაობის ქართული ტრადიციებითა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება.

„აქ იგრძნობა ქართული სული და ქართული გენი, იგრძნობა საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭულისთვის დამახასიათებელი ის მრავალფეროვანი ტრადიცია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ფასეულობები, რაც წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე, შევინარჩუნოთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ყოველთვის საქართველო ერქვას. სწორედ ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურება იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა და მისი თითოეული აღმზრდელი.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურადუდიდეს შრომასა და სიყვარულს დებთ თითოეული მოსწავლის აღზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა (გამრეკელიძე) გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ.

აღინიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მუნიციპალიტეტმა უკვე გადასცა ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის სამშენებლოსამუშაოებს დაიწყებს.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის კუთხეების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები და ტრადიციები წარმოადგინეს.

მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ქორეოგრაფიას, პოეზიას, თეატრალიზებულ წარმოდგენებსა და შემოქმედებით კომპოზიციებს აერთიანებდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ფესტივალის არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მისი მომზადებისა და განხორციელების აქტიური შემოქმედებიც არიან.

საშემოდგომო ფესტივალი „ჩემი საქართველო აქ არის“ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალწლიანი ტრადიციაა და უკვე მე-13 წელია, სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს აერთიანებს. ფესტივალი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვნებისა და ეროვნული ერთიანობის წარმოჩენას ემსახურება.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

✕