სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო სახელოსნოებს გაეცნო.
მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებსაც შეხვდა და კოლეჯის საჭიროებების შესახებ მათგან მიიღო ინფორმაცია.
„პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ მსურველებს რეგიონის მასშტაბით აძლევს შესაძლებლობას, ბაზრის კვლევაზე დაფუძნებულ პროფესიებს დაეუფლონ.
კოლეჯის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ის შესაძლებლობები და პოტენციალი, რომლებიც სასწავლებლის საქმიანობის გაფართოების საშუალებას იძლევა.
ვცდილობთ, რომ კოლეჯს უფრო მეტი ორიენტირი ჰქონდეს ბიზნესთან თანამშრომლობაზე და სამინისტროს ხელშეწყობით მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ სასურველი პროფესიით დასაქმებას შეძლებს.
სამინისტრო აგრძელებს რეგიონული კოლეჯების სრულ მხარდაჭერას, რათა ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე.
პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მსურველებს შრომის ბაზრის მოთხოვნისა და დასაქმების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. კოლეჯი ასევე ახორციელებს მომზადება/გადამზადების პროგრამებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამშენებლო, მეცხოველეობისა და სოფლის-მეურნეობის მიმართულებით.
კოლეჯს აქვს თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსი, აღჭურვილი ფაბლაბით (ინოვაციების ლაბორატორია), მრავალფუნქციური სახელოსნოები და ახალგაზრდული სივრცეები, რაც ახალგაზრდებს პროფესიული კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, პიროვნული ზრდის შესაძლებლობასაც აძლევს.