სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მუშაობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება იქნება

გოგიტა თოდრაძე

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა, სადაც სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ გასული წელი შეაფასა.

თოდრაძემ 2025 წელს შესრულებული სამუშაოები მიმოიხილა და ასევე, საქსტატში დანერგილ ახალ პროდუქტებსა და სერვისებზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რის განხორციელებასაც საქსტატი მიმდინარე წლის განმავლობაში აპირებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უწყების მიერ ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება იქნება. ამასთან, დაგეგმილია მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების, ასევე სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღითი დღე მზარდია სხვადასხვა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა უფრო მეტად დისაგრეგირებულ მონაცემებზე, რასაც ვეღარ უმკლავდება პრაქტიკულად მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდები, როგორიც არის სტატისტიკური კვლევები და მათ შორის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროები, ამიტომ, რა საკვირველია უკვე დღის წესრიგში დგას ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები, რაზეც ჩვენი გუნდი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ. ერთ-ერთი გახლავთ სკანერული მონაცემები, რომელსაც მეორე წელია, სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების პროცესში ვიყენებთ. ასევე ე.წ. ვებსკრეპინგი, ანუ ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთვა, რომელსაც ვიყენებთ პრაქტიკულად 2022 წლიდან უძრავი ქონების ფასების ინდექსის გასაანგარიშებლად.

ასევე დიდი მონაცემები, ე.წ. მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის მონაცემები შიდა მიგრაციის და ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის საწარმოებლად და ასევე აღსანიშნავია ის, რომ გასულ წელს ჩვენ გვქონდა საპილოტე პროექტი, ე.წ. დისტანციური ზონდირების მეთოდი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ვგეგმავთ, რომ გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის საწარმოებლად.

გასული წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მომზადდა 23 სტატისტიკური პუბლიკაცია, 263 პრესრელიზი გავრცელდა. ჩვენი ვებსაიტით მილიონ 191 ათასმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა და ამის პარალელურად, წერილობით შემოსული მოთხოვნების რაოდენობა მცირდება, რასაც მივესალმებით, ანუ ეს მიმართულება ჩანაცვლდა ვებსაიტის მომხმარებელთა მიერ. რა საკვირველია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მაგრამ იმავდროულად, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებთ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით პერიოდულად, სხვადასხვა სახის ინტერაქციულ პლატფორმებს ვთავაზობთ მომხმარებელს და მათ შორის აღსანიშნავია გასული წლის განმავლობაში სამი მიმართულების პლატფორმის შემუშავება და ფუნქციონირება. ეს გახლავთ გარემოს სტატისტიკის პორტალი, ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი, ასევე მნიშვნელოვნად განვაახლეთ რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალები.

გასული წელი აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგები. ეს იყო მოსახლეობის რიცხოვნობა დასახლებების ტიპების მიხედვით.  რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს და პრიორიტეტებს, ჩვენი გეგმა გაწერილია სტატისტიკის ეროვნული სისტემის ოთხ წლიანი სტრატეგიით, რომელიც სამ პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს. პირველი, ეს გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება. მეორე გახლავთ ნდობის და თანამშრომლობის გაძლიერება და მესამე, ისევ და ისევ ჩვენს მიერ წარმოებული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ გადავდგათ კიდევ უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით. დღესაც ვიყენებთ გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტს. ეს ძირითად ჩვენს IT-ი მიმართულებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებას ეხება. ასევე კლასიფიკაციების სისტემას ეხება, მაგრამ მიმდინარე წლიდან, ვფიქრობთ მთელი მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მეტად და ინტენსიურად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ მონაცემთა შეგროვების და დამუშავების, არამედ ანალიზის, ვიზუალიზაციის და ხარისხის კონტროლის სფეროში და ეს მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას, ის რუტინა მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ის ადამიანური რესურსი უფრო მეტად განვითარებაზე და შემოქმედებაზე მივმართოთ“, – განაცხადა საქსტატის დირექტორმა.