საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა

თურნავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე მოიპოვა წვდომა.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ოლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

"ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა აღნიშნულ ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.