იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.4 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 22.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 247.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი- 2 042.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 2 032.5 მლნ. აშშ დოლარით.