ეროვნული ბანკი: 2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაცია შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის  შენელება გაგრძელდა და 4.0% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, 2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ დიდწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება.

„საბაზო ეფექტის მილევასთან ერთად, როგორც მოსალოდნელი იყო, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციის წვლილმა თანდათან შემცირება დაიწყო და დეკემბერში 3.0 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა. გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდიდა. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში სურსათის ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში მცირდება. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2025 წელს სტაბილური იყო. დეკემბერში საბაზო ინფლაციამ 1.6% შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად“, – ნათქვამია  ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, სებ-ის ცნობით, გასულ თვესთან შედარებით, დეკემბერში სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნი იყო ძროხის ხორცის და ყველის გაძვირება, რამაც თვის ინფლაციაში 0.15 პროცენტიანი წვლილი შეიტანა. ამის საპირისპიროდ, შოკოლადის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.10 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად ჯერ ისევ სურსათის გაძვირება მოქმედებს, თუმცა მისი წვლილი თანდათან მცირდება. დეკემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 8.8%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.0 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი, 0.9 პროცენტიანი გავლენა პურს აქვს. ძროხის ხორცის, იმერული ყველის, ზეთის და კარტოფილის გავლენა ინფლაციაზე სათითაოდ 0.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 7.0%-იანი ინფლაცია, რამაც ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახადი მოქმედებდა (-0.12 პპ). ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული პროდუქტების ფასების წლიური შემცირება მთლიან ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურის, ძროხის ხორცის და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს (ჯამში, 3.3 პროცენტული პუქნტით). მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და დეკემბერში 2.5%-ს გაუტოლდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.