1747598145
BlackRock-მა TBC PLC-ის 5.02%-იანი წილი შეისყიდა. კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში 6,1%-ით მეორე ადგილს იკავებს

BlackRock, Inc.-მა TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) აქციების 5.02% შეიძინა - ნაწილი პირდაპირი ფორმით, ხოლო ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების სახით. კერძოდ, 4.02% პირდაპირი ფორმით, ხოლო დამატებით 1% ფლობა ფინანსური ინსტრუმენტებით მოიპოვა - მათ შორის განსხვავების კონტრაქტებით (CFDs) და აქციების სესხების მექანიზმით.
GBC-ს ინფორმაციით, ტრანზაქცია 2025 წლის 12 მაისს, ლონდონში დაიხურა. შედეგად, BlackRock-ის მიერ ფლობა საერთო ხმის უფლების მქონე აქციებში განისაზღვრა 5.02%-ით, რაც 2 827 737 აქციას უტოლდება.
„განსხვავების კონტრაქტი (CFD) არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს სარგებელი აქტივის ფასის ცვალებადობიდან - ფაქტობრივი ფლობა აქციის გარეშე. ინვესტორი დებს კონტრაქტს, რომ დაფარავს ფასთა სხვაობას ღირებულების ცვლილების საფუძველზე“, - განმარტავს გამოცემა.
რაც შეეხება აქციების სესხების მექანიზმს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი დროებით იღებს აქციებს სხვა მფლობელისგან (ხშირად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ), რაც აძლევს მას დროებით ხმის უფლებას, მაგრამ ფლობის სამართლებრივი უფლება კვლავ გამსესხებელს ეკუთვნის.
როგორც წესი, ამ მექანიზმს რამდენიმე მიზნით იყენებენ ხოლმე. კერძოდ, როცა ინვესტორს ან აქციონერს სურს გავლენა მოახდინოს კომპანიის გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, გენერალურ კრებაზე. ასევე, ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სხვადასხვა სტრატეგიების განხორციელებას. ფიზიკური აქციების ყიდვა გაცილებით დიდი ხარჯია (მრავალჯერადი საფასური, ტრანზაქციის სირთულე), ამით კი მსესხებელი გრძელვადიან ან მოკლევადიან სტრატეგიებს უკეთ მართავს.
საბოლოო ჯამში, ორივე მექანიზმი BlackRock-ს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს თავისი გავლენა TBC PLC-ში მთლიანი საკუთრების გარეშე.
BlackRock არის მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანია, რომლის მეშვეობითაც გლობალურ ბაზრებზე ტრილიონობით დოლარის ღირებულების კაპიტალი ბრუნავს. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინსტიტუციური ინვესტორი, ასევე მსხვილი კორპორაციების პარტნიორი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ BlackRock-ის სახელი TBC PLC-ის 2023 წლის ანგარიშშიც ფიგურირებს.
კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში მეორე ადგილს იკავებს, 6,1%-ით.