2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით, ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით); მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი, ანუ 8.9%-ი შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი, ანუ 7.6%-ი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით 2026 წლის მეორე კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში – 4 463.9 ლარი და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 693.0 ლარი.

საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით, ანუ 10.6%-ით გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთამთიანეთი.