2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 15 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი

ტურისტები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.9 მილიონი შეადგინა, რაც 6.2 პროცენტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 80.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

უწყების ანგარიშით, 2025 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.3 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.6 მილიონი), თურქეთისა (1.2 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 43.0 პროცენტს შეადგენდა.

გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 50.3 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.8 მილიონი და 2.7 მილიონი ვიზიტი. საანგარიშო პერიოდში ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 1.6 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა და 2 187.3 ლარი შეადგინა.