მაია ომიაძე: „მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი გლობალურად კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი“

მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომელიც ერთდროულად მოიცავს უმსხვილეს გლობალურ გამოფენებს, მიზნობრივ სარეკლამო აქტივობებსა და საერთაშორისო მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

მაია ომიაძის შეფასებით, ტურიზმის სფეროში ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ლონდონში ტურისტულ გამოფენაზე (Word Travel Market London 2026), საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა.

„ზოგადად WTM გამოფენა საერთაშორისოა და მთელ მსოფლიოში ვინც ოპერირებს ტურიზმის სექტორში, ამ დღეებში ყველა ლონდონში იყრის თავს. ჩვენთან ერთად იყო 20-მდე ქართული კომპანია, მათ შორის იმერეთის DMO და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. შეხვედრები იყო B2B ფორმატში.  გამოფენის ფარგლებში, 32 საქმიანი შეხვედრა მქონდა მე პირადად, ძირითადი შეთავაზება ეხებოდა ოთხსეზონურობას. ახლა ზამთრის სეზონი მოდის და შესაბამისად ზამთრის კურორტებს ვუწევთ რეკომენდაციას. ძალიან საინტერესო კითხვები იყო მესტიასთან მიმართებით, კომპანიები, რომლებიც გუდაურში ოპერირებენ, ახალი მიმართულების აღმოჩენას ცდილობენ. აინტერესებთ, როგორ მუშაობს სინთეზში სათხილამურო/ზამთრის მიმართულება და კულტურული გამოცდილება - მესტიაში განსხვავებული კულტურა, UNESCO-ს მემკვიდრეობა და სამზარეულო“, -განაცხადა მაია ომიაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

✕