1752318419
დღეიდან, მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას - ნახეთ ავტობუსების ახალი მარშრუტები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან, მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას.
უწყების ცნობით, შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.
"აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
მოცემულ პერიოდში, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალით და მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება და პირიქით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.