ჩუღურეთის რაიონში, პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში, პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრის რიმა ბერაძის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში, დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარმოადგინეს.

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობაში არ დაიკარგოს სამშობლოსადმი სიყვარული და გმირებისადმი პატივისცემა. აუცილებელია ახალგაზრდა თაობა კარგად იცნობდეს ქვეყნისთვის თავგანწირულ გმირებს და მათ მაგალითზე იზრდებოდეს. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ პატრიოტიზმმა და გმირების თავგანწირვამ შექმნა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.