მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - "ამბასადორის საავიაციო სოფელი" კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.

„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.